ხვალ 14 ივლისს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიაკციო ეტაპის საპასუხო მატჩში თბილისის “დინამო” ბაქოს “ნეფტჩის” ესტუმრება. მატჩის წინ თბილისური გუნდის მწვრთნელმა კახა ცხადაძემ პრესკონფერენცია გამართა:
“ბაქოში დიდი ხანია არ ვყოფილვარ. აზერბაიჯანში საკმაო დროის მანძილზე ვმუშაობდი. ჩემთვის, ბაქო ძალიან ლამაზი ქალაქია. პირველი მატჩი ნეფთჩის წინააღმდეგ ძალიან საინტერესო და რთული იყო. ხვალ იგივე იქნება და ვფიქრობ ნანახი თამაშით ისიამოვნებთ. ხვალინდელი მატჩი კიდევ უფრო დაძაბული იქნება. ორივე გუნდმა ერთმანეთის სისუსტეები დაინახა, რისგანაც ისინი უპირატესობის მიღებას შეეცდებიან.
პირველი თამაშის შედეგის მიუხედავად, ვერ ვიტყოდი, რომ ნეფთჩი ჩვენზე ძლიერია. სულ 8 კარში დარტყმა გვქონდა, საიდანაც 7 მეკარემ მოიგერია. ორი უხეში შეცდომა დავუშვით, რაც დამარცხების მიზეზიც გახდა. თუმცა, შევეცდებით ეს ხვალ აღარ განმეორდეს.
ნეფთჩი საკმაოდ კვალიფიციური, კარგი
ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია. თუმცა, ვიმეორებ, რომ სახლში მეტოქის სიძლიერის გამო კი არა, ჩვენი შეცდომების ხარჯზე წავაგეთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ იგივე არ გავიმეოროთ და შეხვედრა ჩვენს სასარგებლოდ დავასრულოთ.”-განაცხადა ცხადაძემ
შეგახსნებთ, რომ მატჩი თბილისის დროით 21:00-ზე გაიმართება და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.





