ოლიმპიური ჩემპიონობის შემდეგ ლაშა ბექაურმა პირველი კომენტარი არა ემოციებზე, არამედ ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმის, ზურაბ კახაბრიშვილის შესახებ გააკეთა და მას გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.
„ზურაბ კახაბრიშვილი მსოფლიოში საუკეთესო ექიმია, რადგანაც 1 თვის წინ ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მხრის ტრავმა მივიღე და ოლიმპიდაზე გამოსვლა საეჭვო გახდა. მისი დამსახურებით, ტურნირს ჩინებულ კონდიციებში შევხვდი და ჩემი საუკეთესო ძიუდო ვაჩვენე. ახლა, ოლიმპიური ჩემპიონი ვარ. ცხოვრება მშვენიერია“, – განაცხადა ლაშა ბექაურმა.
შეგახსენებთ, რომ ტოკიოში გამგზავრებამდე 1 თვით ადრე ქართველმა ძიუდოისტმა მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდური ჩათვლის დროს მხარზე უმძიმესი ტრავმა მიიღო და მისი ოლიმპიადაზე გამოსვლა საეჭვო იყო. საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციამ და ოლიმპიური ნაკრების მედ-პერსონალმა, რომელსაც ზურაბ კახაბრიშვილი ხელმძღვანელობს, მის გამოსაჯანმრთელებლად ყველაფერი გააკეთა და საბოლოოდ ლაშამ ოლიმპიური ჩემპიონობაც იზეიმა.







