მადრიდის „რეალმა“ სირცხვილი ჭამა. არა, რა თქმა უნდა, ხშირად ყოფილა, ამა თუ იმ გრანდს უპირობო აუტსაიდერთან წაუგია, განსაკუთრებით თასის გათამაშებაში, მაგრამ სამეფო გუნდის ეს მარცხი გუნდის მილიონობით ქომაგისთვის ძალზედ რთული გადასახარში იქნება.
„რეალმა“ ესპანეთის თასზე, უსახელო „ალკოიანოსთან“ წააგო. მართალია, დამატებით დროში, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ვარსკვლავებით გაძეძგილი „რეალი“ მოედნიდან კუდამოძუებული გავიდა.
საგონებელშია ზინედინ ზიდანიც. ამბობენ, ფრანგ სპეციალისტს ამ წაგებას არ აპატიებენ და უსათუოდ კარისკენ მიუთითებენო. პოპულარული ესპანური გამოცემები ვარაუდობენ, რომ ზიზუს დღეები „რეალში“ დათვლილია.
თავად ზიდანი კი თვლის, რომ ეს მარცხი სასირცხვილო არ ყოფილა.
„პასუხისმგებლობა ყოველთვის მწვრთნელს ეკისრება და ამას არც მე გავურბივარ, თუმცა ჩემი აზრით ამ წაგებაში სასირცხვილო არაფერია. ეს ფეხბურთია. შესაძლოა უამრავი მომენტი შექმნა, მაგრამ გოლი ვერ გაიტანო, შემდეგ კი მოხდეს ის, რაც დღეს ჩვენ დაგვემართა. ფეხბურთელებს მიზნის მისაღწევად არაფერი დაუშურებიათ. მათ მაქსიმუმი გაიღეს.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, რადგან მეორე დივიზიონის გუნდებს აუცილებლად უნდა ვამარცხებდეთ, თუმცა წაგებითაც ტრაგედიის შექმნა არ შეიძლება. მსგავსი რა ფეხბურთში ხდება. ამჯერად ჩვენ არ გაგვიმართლა.
მუშაობას განვაგრძობთ და ამ წაგების გამო გლოვას არ ვაპირებ. რეალი ამ სეზონში მოწოდების სიმაღლეზეა და ნორმალურად გამოიყურება“ – თქვა ზინედინ ზიდანმა.





