მამაკაცთა დარად, ბალახის საფარზე სხვადასხვა საჩოგბურთო ტურნირები ცხადია ქალთა შორისაც იმართება. ბირმინგემის შეჯიბრი კი ამ მხრივ ერთ-ერთი გამორჩეულია, რომელიც ონს ჟაბერის ტრიუმფით დასრულდა.
ტუნისელმა ჩოგბურთელმა მთელი ტურნირი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა, მოწოდების სიმაღლეზე იყო და ყველა მეტოქეს დამაჯერებლად სძლია.
ჟაბერის მეტოქე გადამწყვეტ ფინალურ დაპირისპირებაში დარია კასატკინა გახლდათ. ტუნისელი მეჩოგნისთვის ეს მატჩი განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებდა, რადგან გარდა ტიტულის მოპოვებისა ის სამუდამოდ ეწერებოდა ქალთა ჩოგბურთის ისტორიაში.
ასეც მოხდა. ჟაბერმა რუსი ჩოგბურთელი ორ სეტში – 6:4, 7:5 დაამარცხა და ბირმინგემის პრესტიჟული ტურნირის საჩემპიონო თასიც დამსახურებულად აღმართა.
და კიდევ ერთი, ყველაზე მთავარი ამბავი. ონს ჟაბერი გახდა პირველი აზიელი ჩოგბურთელი ქალი, რომელიც WTA-ს ეგიდით გამართული ტურნირის ტიტულს დაეუფლა.




