ცეცხლი უკვამლოდ არ ჩნდებაო. მესის შთამბეჭდავ კარიერას კი ცეცხლი და ბუღი არასოდეს აკლდა, მაგრამ როგორც ჩანს ბარსელონაში არგენტინელი სუპერვარსკვლავის გარშემო ამ ზაფხულს გაჩენილი ხანძრის ბოლი პარიზისკენ დაიძრა და ლიონელიც თან მიჰყავს.
მიკიბულ-მოკიბულით რომ თავი აღარ შეგაწყინოთ, პირდაპირ გეტყვით, რომ არგენტინელი ათიანი მომავალი სეზონიდან დიდი ალბათობით ბარსელონელი აღარ იქნება და ფეხბურთის გულშემატკივრები მესი-ნეიმარის შემტევ დუეტს კვლავ იხილავს. აკი, ბრაზილიელმა ფორვარდმა უცხოურ მედიასთან მოკლე კომენტარებში მიანიშნა კიდეც, გაისად ეს ამბავი აუცილებლად მოხდებაო.
„მესი, 2021 წელს პსჟ-ში იქნება. არ ვხუმრობ“ – წერს RMC Sport-ის ჟურნალისტი დანიელ რიოლო. მედიის სტაჟიანი მუშაკები და ასეთ თემებზე სიტყვებს ჰაერში არ ისვრიან.
შეგახსენებთ, 33 წლის არგენტინელი ვარსკვლავის კონტრაქტი ბარსელონასთან სწორედაც რომ 2021 წლის ზაფხულში იწურება. ისიც არახალია, რომ მესის კატალონიური გუნდის დატოვება მიმდინარე სეზონის დაწყებამდეც სურდა, მაგრამ დაითანხმეს ხელშეკრულების ბოლომდე ბარსელონას ერთგულად დარჩენილიყო.
ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ლეო მესი, ბარსელონადან უდაოდ ვალმოხდილი წავა.





