რობერტ ლევანდოვსკი რომ თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია ორი აზრი არ არსებობს. ასაკის მატების მიუხედავად, პოლონელი შემტევი მოწოდების სიმაღლეზეა და თავის დიდებული საშემსრულებლო ოსტატობით ყველას აღაფრთოვანებს.
ამიტომაც არის, რომ ლევანდოვსკისადმი ინტერესს არაერთი ევროპული გრანდი გამოთქვამს. მისი გადაბირება „ბარსელონას“, „რეალს“ და „პსჟ“-ს სურს, ახლა კი ამ ჩამონათვალს „ჩელსიც“ შეემატა.
პოპულარული გამოცემა Sky Sport იუწყება, რომ ლონდონელები „ბაიერნს“ უკვე დაუკავშირდნენ და სიტყვა ლევანდოვსკიზე ჩამოუგდეს. მიუნხენელები დიდად კალთების დახევას არ აპირებენ და პოლონელთან 60 მილიონ ევროდ შელევას აპირებენ, რათა პანდემიის გამო გამოწვეული ფინანსური კრიზისი შეიმსუბუქონ.
მიმდინარე სეზონში რობერტ ლევანდოვსკიმ ყველა ტურნირზე ერთად 39 მატჩში 47 გოლი გაიტანა, ხოლო კონკრეტულად ბუნდესლიგაში თავი 40-ჯერ გამოიჩინა, რითიც ლეგენდარული გერდ მიულერის რეკორდი გაიმეორა.
ლევანდოვსკი მიუნხენურ გრანდში 2014 წლიდან თამაშობს, ხოლო „ბაიერნთან“ კონტრაქტის ვადა 2023 წელს ეწურება.





