გიორგი მიქიაშვილი – შეიძლება ეს სახელი ახლა არაფერს გეუბნებათ, მაგრამ უახლოეს წლებში მისი ინოვაციური გამოგონება საბრძოლო სპორტის სახეობებში რევოლუციურ გარღვევას მოახდენს. 31 წლის გიორგი მიქიაშვილი ესპანეთში, ანდალუსიის რეგიონში, ცენტრალურ გრანადაში 3 წელია ცხოვრობს. ცხოვრების უმეტესი წლები მას აქტიურ სპორტში აქვს გატარებული. მრავალი წლის განმავლობაში იყო მოკრივე, ასევე აქვს გამოცდილება კიკბოქსინგშიც, ბოლოს კი საკუთარ შესაძლებლობებს MMA-ში ცდიდა. იყო მიწვეული საქართველოს MMA-ის ნაკრებშიც, რამდენიმე წლის წინ კი საცხოვრებლად გადასვლა ესპანეთში გადაწყვიტა.
ბუნებრივია, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა გარკვეულ სირთულეებთან ასოცირდებოდა, მაგრამ საყვარელი საქმიანობისთვის ინტერესი არ დაუკარგავს. უფრო მეტიც, მან მეგობართან ერთად ისეთი მოდელი შეიმუშავა, რაც საბრძოლო სახეობებში ვარჯიშს უფრო მიმზიდველს და კომფორტულს გახდის. გიორგი გახდა პირველი ქართველი, რომელსაც ესპანეთმა გამოგონილი ინოვაცია დაუპატენტა. ალბათ ყველას გინახავთ კრივის, თუ ფიტნეს დარბაზებში, ან სახლის პირობებში დაკიდებული ტომარა, რომელზეც ვარჯიშის სურვილიც ყველას გაგვჩენია, მაგრამ ერთდოულად, ერთ ტომარაზე ორი ადამიანის ვარჯიში გარკვებულ სირთულეებთან ასოცირდება. გიორგი მიქიაშვილის გამოგონება კი ვარჯიშის შესაძლებლობას ოთხ ადამიანს აძლევს. უფრო დეტალურად აღნიშნული ინოვაციის შესახებ ინფორმაციას თავად გიორგი მიქიაშვილისგან გავიგებთ, რომელსაც „პრაიმ სპორტი“ ესპანეთში დაუკავშირდა:
– გიორგი, თავდაპირველად გვითხარი როგორ გაჩნდა აღნიშნული ინოვაციური პროექტის განხორციელების იდეა?
– როდესაც კორონავირუსის პანდემია დაიწყო, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ესპანეთშიც მოგვიწია საკარანტინო რეჟიმზე გადასვლა. ჩაკეტვამდე, მე და ჩემს გარშემო მყოფებს შეხება გვქონდა ერთ სავარჯიშო დარბაზთან. ამ დარბაზში იყო მხოლოდ ერთი კრივის ტომარა, რომელზეც ერთდროულად ყველა ვერ ვვარჯიშობდით. ეს ჩემში უკმაყოფილებას იწვევდა – „რატომ უნდა იყოს ერთ დარბაზში მხოლოდ ერთი ტომარათქო“. ეს დისკომფორტია დიდი ვარჯიშებისთვის. ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა, რომ ერთი ტომრით რამოდენიმე ადამიანს ევარჯიშა. აქედან, დამებადა აზრი, რომ ეს ტომარა გამეყო ოთხ ნაწილად, რომელზეც ვარჯიში ერთდროულად 4 ადამიანს შეუძლია, თანაც ხუთი მდგომარეობით: ჩამოკიდებულ მდგომარეობაში, ფეხზე დაყენებულზე, შენობის საყრდენ სვეტზე დამაგრებით და ასევე კედელზე დამაგრებით, რომელსაც ორი ფორმა აქვს. მე და ჩემმა უახლოესმა მეგობარმა დავწერეთ პროექტი, გავაკეთეთ ნახაზები და შევიტანეთ ესპანეთის საპატენტოში 2021 წლის იანვარში, დაახლოებით სამი თვის განმავლობაში ველოდეთ პასუხს და ისე მოხდა, რომ საპატენტომ ეს ყველაფერი დაარეგისტრირა. მიმდინარე წლის 15 ნოემბერს კი მომივიდა ცნობა, რომ ჩემი გამოგონება დაპატენტდა. აღსანიშნავია, რომ ესპანეთის ტერიოტორიაზე გავხდი პირველი ქართველი, რომელმაც დააპატენტა პროდუქტი ესპანეთსა და ევროპაში.

– კონკრეტულად, რას გულისხმობს დაპატენტება?
ჩემს მიერ გამოგონილი ინოვაცია მსოფლიოში არის ერთადერთი, რომელსაც კონკრეტულად ამ მოდელის ანალოგი არ გააჩნია. დაპატენტების შემდეგ მსოფლიოს მასშტაბით ჩემი ნებართვის გარეშე ვერავინ ვერ მოიხმარს, ვერ აწარმოებს და ვერაფერს გააკეთებს ამ მოდელთან დაკავშირებით. ამის გარდა, ეს მოდელი მხოლოდ ესპანეთში არ მაქვს დაპატენტებული, ეს დავაპატენტე საქართველოშიც. აგვისტოში შევიტანე განაცხადში და სექტემბერში გამომივიდა პასუხი. საქართველოში ამის განხორციელებაში საერთაშორისო დონის გამომგონებელი, ომარ ბილონაშვილი დამეხმარა. ძალიან დიდი საქმე გამიკეთა. ჩემი მასწავლებელი და მენტორია ამ საკითხში. დღემდე ძალიან მეხმარება… მაქვს სერთიფიკატები ჩემეული გამოგონების, რაც საქართველოში და ესპანეთში მაქვს დაპატენტებული. მე არ მაქვს მხოლოდ კრივის ტომარა გამოგონებული, გამოვიგონე კრივის და შერეული ორთაბრძოლების რინგიც, რომელიც დიდდება და პატარავდება – 25 კვ მეტრიდან 64 კვ მეტრამდე შესაძლებელია რინგის მოხმარება. დიდი დარბაზი იქნება თუ პატარა, არ აქვს მნივნელობა. ადამიანი თუ შეიძენს ამ რინგს, შეეძლება მოხმარება დიდი ზომითაც და პატარა ზომითაც. ესეც შეტანილი მაქვს ესპანეთის საპატენტოში და აქ ველოდები პასუხს, მაგრამ საქართველომ უკვე დააპატენტა ეს და წარმოების, გაყიდვის და გაქირავების უფლება უკვე მაქვს.

– რით განსხვავდება შენი გამოგონება სტანდარტული სავარჯიშო ტომრისგან?
მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ბევრი სახეობის ტომარა და რინგი არსებობს. არის როგორც სავარჯიშო, ისე სატურნირო ტომარები და რინგები. როდესაც ნებისმიერი პროფესიონალი თუ მოყვარული სპორტსმენი ვარჯიშობს, მოყვარული ბავშვი, ან ნებისმიერი ასაკის სპორტსმენი, ერთ ტომარაზე ვარჯიშობს, ჩემს გამოგონებას კი უნიკალური ფუნქციები აქვს. მაგალითად, ჩვეულებრივ, სტანდარტულ ტომარაზე მხოლოდ ორ ადამიანს შეუძლია ვარჯიში, ესეც რაღაც დონის დისკომფორტით. ერთი რომ დაარტყავს, მეორეს უკვე გაქანებულ ტომარაზე მოუწევს დარტყმა. მთელი ცხოვრებაა სპორტში ვარ და ვიცი, ეს როგორ დისკომფორტსაც წარმოადგენს. ქართულ დარბაზებში ძალიან ხშირი შემთხვევა იყო, როდესაც ერთ ტომარაზე სამი სპორტსმენიც კი ვვარჯიშობდით. ჩემს ტომარაზე არის შესაძლებელი ასეთი რაღაცაც – შეიძინო ერთი ტომარა, რომელაც გამოიყენებს არამხოლოდ კრივის, ან MMA-ს დარბაზი, არამედ ფიტნეს დარბაზებიც. შეიძენ ერთ ტომარას, რომელიც შეგიძლია დაშალო ოთხ ტოლ ნაწილად, დაამაგრო კედელზე, ან სხვადასხვა კონსტრუქციებზე და ავარჯიშო ოთხი ადამიანი ერთდროულად ისე, რომ ერთმანეთს არ შეეხებიან და ხელს არ შეუშლიან. დამაგრება შეგიძლია როგორც კედელზე, ისე ჰაერში, კედლის საყრდენ ბოძებზე და ა.შ. საერთო ჯამში აქვს გამოყენების 5 ვერსია.
– რინგის შესახებაც გვითხარი…
რაც შეეხება რინგს, მსოფლიოში არ არსებობს დღემდე რინგი, რომელიც იშლება სრულად. ამის აწყობას უნდებიან ერთი დღე, ან მეტი. სატურნირო რინგების აწყობა კი უფრო რთულია. მხოლოდ მეტალის კონსტრუქცია აქვს ძალიან დიდი, რომლის აწყობის პროცესში მინიმუმ სამი ადამიანია საჭირო. ამის გარდა, არის აწყობილი რინგებიც, რომლის ტრანსპორტირებაც ძალიან რთულია. ჩემი მოდელის რინგს აქვს არამარტო სრულად დაშლის და მარტივად აწყობის ფუნქცია, არამედ მარტივად გადატანის შესაძლებლობაც. თუ რომელიმე ადამიანს აქვს დიდი ზომის დარბაზი, შესაბამისად ამ რინგს 64 კვ მეტრზე გაშლის და ჩვეულებრივ გამოიყენებს, პატარა სივრცის შემთხევაში კი დაკეცავს და 24 კვ მეტრზე მოიხმარს. რინგის კონსტრუქციის ერთი გვერდის მინიმალური სიგრძე არის 5 მეტრი, მაქსიმალური კი 8. ძალიან მარტივად კეთდება ეს ყველაფერი.

მთელი ცხოვრება სპორტის ამ სახეობაში გავატარე და დღემდე არც მე და არც სხვა, სპორტის ამ სახეობაში ჩართულ პირებს, მწვრთნელებს მსაჯებს და ა.შ. არ უნახავთ მსგავსი სტილის რინგი. ჩემი მეგობარი არის კრივის მსოფლიო კრივის ასოციაციის სამვარსკვლავიანი მსაჯი, ბატონი ზურაბ ტიბუა. როდესაც ეს ინოვაცია ნახა ძალიან გაუკვირდა და მითხრა, რომ ძალიან სჭირდება მსოფლიოს შენი რინგიც და ტომარაცო. საქართველოს კრივის ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით წიკლაურმაც მითხრა, რომ ასეთი რინგები ბლომად რომ იყოსო, ძალიან მნიშვნელოვანი იქნებაო. რინგი არის საერთაშორისო გამოფენაზე გატანილი, იანვრის შუა პერიოდისთვის იქნება პასუხი, ჯილდოს მოვიგებთ თუ არა. სწორედ ომარმა გაიტანა ჩემი რინგი გამოფენაზე და დღემდე უდიდეს დახმარებას მიწევს ამ საქმეში. სამწუხაროდ, არსებობს პრობლემები… ძალიან ბევრ შეძლებულ ადამიანთან მქონდა კავშირი და ამას ყველა როგორც ბიზნესს ისე უყურებს და არა როგორც სპორტის განვითარების მნიშვნელოვან შესაძლებლობას. რატომღაც ყველა ქართველ ბიზნესმენს სურს სწრაფი გამდიდრება, 2-3 თვეში.
– ესპანელების მხრიდან თუ მოხდა დაინტერესება?
მქონდა კავშირი ესპანეთის კრივის ფედერაციის პრეზიდენტთან, რომელიც ძალიან დაინტერესდა აღნიშნული მოდელით. ამ ყველაფრით ძალიან მოიხიბლა, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ვერცერთი ქვეყნის ეროვნული ფედერაცია კერძო ბიზნესს თავისი ხარჯებით ვერ დაასპონსორებს და ინვენსტიციას ვერ ჩადებს. თუმცა, დაინტერესდა ბევრი სხვა ორგანიზაცია, კომპანია, მაგრამ პრობლემა აქაც გვხვდება – ესპანეთის ტერიტორიაზე კომპანიად რომ დარეგისტრირდე, ამისთვის საჭიროა 3 500 ევრო. შემდეგ შეგიძლია შეხვიდე რომელიმე ორგანიზაციაში, ან ბანკში და მოითხოვო დაფინანსება. რაღაც ფინანსური ბრუნვა თუ არ გაქვს, ძალიან რთულია, რომ ასე ჰაერზე მოიპოვო დაფინანსება. არიან საქართველოში ადამიანები, ვისთანაც აქტიური კავშირი მაქვს, ნახულობენ მკერავებს, დადიან მეტალის ცეხში და ა.შ. ვიცი რა ღირს ერთი ტომარის წარმოება, ახლა ვარკვევ რა ღირს სხვადასხვა ქარხნებში რინგის გაკეთება. საქართველოში მოქმედი სპორტსმენების გარკვეული ნაწილი მეხმარება ამ ყველაფერში, რომ ესპანეთიდან საქართველოში გავარკვიო ეს ყველაფერი. აქაც ვარკვევ, მაგრამ რატომღაც ჩემი სურვილია და ამაზე ვარ ორიენტირებული მთლიანად, რომ ჩემს პირველ გამოგონებას ეწეროს Made in Georgia და არა Made in Spain. ძალიან დიდია ამის სურვილი, მაგრამ რატომ არ ვიცი, რადგან ვისაც ვუთხარი ყველასგან წინააღმდეგობა შემხვდა და ყველა გამდიდრებაზე ფიქრობს. ამის მიუხედავად, მე მაინც მინდა და იმედია გამოვა. მინდა ამ ყველაფრის წარმოება, გაყიდვა, თუმცა ამისთვის ისეთი ინვენსტორია საჭირო, რომელიც არა გამდიდრებაზე, არამედ სპორტის ამ სახეობების განვითარებაზე იზრუნებს. ამის გარდა, კიდევ მაქვს სხვა მრავალი სპორტული და არასპორტული გამოგონებებიც. მათ შორის ერთ-ერთს, უახლოეს მომავალში დასაპატენტებლად ვამზადებ.
– შენს შესახებაც გვითხარი ორი სიტყვა, ახლა რას საქმიანობ და არის სამომავლოდ შენი მიზანი?
ბავშვობიდან კრივში ვარ ჩართული. 2012 წლამდე მხოლოდ მოკრივე ვიყავი და ხანდახან კიკბოქსინგშიც ვჩხუბობდი. 2012 წლის შემდეგ ვიყავი სამხედრო, რომლის შემდეგაც გადავედი MMA-ში. საქართველოს MMA-ის ნაკრებშიც ვიყავი მიწვეული და საკმაოდ დიდი გამოცდილება დავაგროვე. თითქმის 25 წელია რაც სპორტში ვარ, აქედან 12 წელი კი მწვრთნელი ვარ. რამოდენიმე წელია რაც სპორტის ოთხ სახეობაში მივიღე ლიცენზია. მთელი ამ გამოცდილებით ჩამოვედი ესპანეთში და აქ, ჯერჯერობით. ჩემი პირადი დარბაზი არ მაქვს, ესეც ძალიან დიდ სირთულეებთან ასოცირდება. მაგრამ მაქვს პირადი მწვრთნელობის გამოცდილება. მყავს მოსწავლეები, რომლებიც მირეკავენ, მეუბნებიან რომელ დარბაზში სურთ ვარჯიში და ვავარჯიშებ. ვერ ვიტყვი, რომ ესპანეთის ტერიტორიაზე სერიოზულად აინტერესებთ შერეული ორთაბრძოლები, კრივი და ა.შ. ყველა ძირითადად ტანის დაყენებაზეა ორიენტირებული. მყავს რამდენიმე ქართველი მეგობარი, მათ შორის იუზა გულორდავა, რომელიც 14 წელია აქ ცხოვრობს და ვალენსიაში ავარჯიშებს საკმაოდ წარმატებულ სპორტსმენებსაც. მისი გამოცდილებით ვიცი, რომ ესპანეთში სავარჯიშო დარბაზის ქონა საკმაოდ რთულია, მაგრამ ადრე თუ გვიან ამას აუცილებლად გავაკეთებ. ახლა ბარსელონაში, ქართული დიასპორის ხელმძღვანელთან, დიანა ციხისთავთან ერთად ვაპირებ ქართულ და ესპანურ გრანტებში, და ასევე სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღებას. ამასთან, საქართველოში სხვა გამოგონებებსაც ვარეგისტრირებ, რაც ჩემს საქმეში უფრო წინ წამწევს.








