დიდი სპორტი ნელი ტემპით, მაგრამ ჩვეულ რიტმს მაინც უბრუნდება. საუბარია მაყურებლების დასწრებაზე, თორემ შარშან მარტში შეწყვეტილი სპორტული სეზონი რამდენიმე თვეში განახლდა, მაგრამ ჟანგბადის, გულშემატკივრების გარეშე.
UFC 2021 წლის სეზონს 16 იანვარს აბუ-დაბიში ხსნის და მებრძოლებიც ოქტაგონზე ერთმანეთს ცხვირ-პირს მაყურებლების ყიჟინის თანხლებით დაამტვრევენ. შეჯიბრება, 16, 18 და 23 იანვარს გაიმართება და არაერთ სპორტსმენთან ერთად, იქ კონორ მაკგრეგორსაც ვიხილავთ.
გულშემატკივრები კი დაუშვეს, თუმცა ორგანიზატორები მაქსიმალურ სიფრთხილეს იჩენენ. მხოლოდ ბილეთის ყიდვა საკმარისი არ იქნება. აუცილებელი იქნება ტესტის პასუხის ჩვენება, რომელიც 48 საათით ადრე უნდა იყოს გაკეთებული. ტრიბუნებზეც ხალხი რამდენიმე სკამის გამოტოვებით დასხდება.
გეცოდინებათ, რომ ირლანდიელმა მებრძოლმა კარიერის დასრულების შესახებ 3-ჯერ განაცხადა, თუმცა ყოველ ჯერზე მალევე გადაიფიქრა. ასე იყო ახლაც. კონორი ისევ ბრუნდება და ამერიკელ დასტინ პიორესთან იჩხუბებს.





