საკალათბურთო მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფინაკიო ეტაპის მეორე მატჩში საქართველოს ნაკრები ესპანეთს ესტუმრა და 28 ქულის სხვაობით, 89:61 დამარცხდა.
მოგეხსენებათ, ვინაიდან სანაკრებო ფანჯარა იმ დროს უწევს, როდესაც NBA-ში სეზონი აქტიურ ფაზაშია შესული, ამის გამო ჩვენს გუნდს აშშ-ში მოთამაშე კალათბურთელები ვერ დაეხმარნენ. ასევე, ტრავმის გამო არ იყვნენ დუდა სანაძე და გიორგი ცინცაძე, ამას დამატებული შეხვედრის გამართვამდე რამდენიმე საათით ადრე ნაკრებს თორნიკე შენგელიაც გამოაკლდა, გამოუვალ სიტუაციაში დარჩენილ ილიას ზუროსს კი მთელი დატვირთვის გადატანა ძირითადად საქართველოს სუპერლიგაში მოთამაშე კალათბურთელებზე მოუწიათ.
მთელი თამაშის განმავლობაში ჩვენსა და ესპანელ კალათბურთელებს შორის სათამაშო კლასში დიდი სხვაობა აშკარად შეინიშნებოდა. მასპინძლებმა შეხვედრა თავიდანვე აქტიურად დაიწყეს და მატჩი გამარჯვებამდე დამაჯერებლად მიიყვანეს.
კოლოსალური სხვაობით მარცხის მიუხედავად, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გამორჩეული გიორგი შერმადინი იყო, რომელსაც ორმაგ დუბლამდე ერთადერთი მოხსნა დააკლდა. „შერმოს“ ანგარიშზე 21 ქულა, 9 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ბლოკი იყო. ამით ქართველი კალათბურთელი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო გახდა.
ესპანეთთან მარცხით საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა 2021 წელი დაასრულა. ილიას ზუროსის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მომდევნო შეხვედრას უკვე 2022 წლის თებერვალში, თბილისის სპორტის სასახლეში გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქე ჩრდ. მაკედონიის ნაკრები იქნება.