ტაშკენტის გრანდ-სლემი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის წინამორბედ ტურნირებთან შედარებით წარუმატებელი და უიღბლო გამოდგა.
მართალია, დოჰას და თელ-ავივის შეჯიბრებებისგან განსხვავებით, ტაშკენტში ერთგვარად შესუსტებული და გადახალისებული შემადგენლობა იყო, მაგრამ ოქროსი თუ არა რომელიმე სინჯის მედლის იმედი კი გვქონდა. გულშემატკივრებსაც ალბათ გაცილებით მეტის მოლოდინი ჰქონდა.
ტურნირის დასკვნით დღეს ტატამზე ერთბაშად 4 ქართველი ძიუდოისტი გავიდა და ყველა უმედლოდ დარჩა.
ყველაზე ახლოს მედალთან უშანგი მარგიანი (90კგ) იყო, რომელმაც ორი ბრძოლა მოიგო, მაგრამ ნახევარფინალში გადასასვლელად უნგრელ მეტოქესთან წააგო, რეპეშაჟში კი უზბეკ ძიუდოისტთან წააგო. ამავე წონაში ავთანდილ ჭრიკიშვილმა მხოლოდ ერთი წრის გადალახვა შეძლო და შემდეგ ისიც უზბეკ მოწინააღმდეგესთან დამარცხდა.
გიორგი ჩიქოვანმა (100კგ) პირველი ეტაპი კი გაიარა, მაგრამ მეტის გაკეთება ვეღარ შეძლო. ტურნირს ნაადრევ ეტაპზე გამოეთიშა გამოცდილი მძიმეწონოსანი ადამ ოქრუაშვილიც.
მოკლედ, ტაშკენტის გრანდ-სლემი საქართველოს ნაკრებმა უმედლოდ დაასრულა.





