რაგბი ევროპის ჩემპონატის მე-3 ტურის შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა კალინინგრადში რუსეთის წინააღმდეგ გამართა და შესანიშნავად წარმართულ მატჩში მეტოქეს 23:6 მოუგო.
მატჩის დასრულების შემდეგ რუსების უელსელმა მთავარმა მწვრთნელმა ლინ ჯოუნსმა შეხვედრა შეაფასა და ჩვენი გუნდის სიძლიერეს ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გუნდი ბევრად გაძლიერდა, დღეს ქართველებმა თავი შესანიშნავად დაიცვეს. ძალიან გაგვირთულდა ყველაფერი და ამის გამო ლელო ვერ დავდეთ. წაგების ერთ-ერთი მიზეზი ვიქტორ გრესევის დანაკლისი იყო.
როდესაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ეთამაშები ძალიან ფრთხილად და ჭკვიანურად უნდა ითამაშო. ჩვენი გამოსვლა კი დღეს საკმარისი არ იყო. ჩვენმა მოწინააღმდეგემ დასახული გეგმები შეასრულა. გარკვეულ ეპიზოდებში კარგად ვუტევდით, მაგრამ სამწუხაროდ იგივეს გაკეთება მთელი მატჩის განმავლობაში ვერ მოვახერხეთ.
უფრო თანაბარ თამაშს ველოდებოდით, მაგრამ არ გამოვიდა. 3-თვიანი მოსამზადებელი პერიოდის შემდეგ მოთამაშეები ბევრად გაუმჯობესდნენ, მაგრამ თუ ქართველი ძლიერი ბიჭების წინააღმდეგ საბრძოლო ხელოვნებას არ ისწავლი, ყოველთვის რთული იქნება მოგება. ბიჭები 100 პროცენტით დაიხარჯნენ, მაგრამ ჩვენ ახლა გაზრდა გვჭირდება. გამარჯვებები აუცილებლად მოვა.
აშკარაა, რომ საქართველო შესარჩევ ციკლს უპრობლემოდ გაივლის. ჩვენი მთავარი მიზანი მეორე ან უკიდურეს შემთხვევაში მესამე ადგილია. ტურნირი რუმინეთთან კარგი გამარჯვებით დავიწყეთ. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ილუზიები არ გვქონია, თუმცა ბონუს ქულის გამომუშავება მაინც გვინდოდა. სამწუხაროდ არც ეს გამოგვივიდა.“ – განაცხადა ჯოუნსმა
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპას სამიდან სამი მოგებით 14 ქულით ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ რუმინეთს 5 ქულით უსწრებს. მომავალ მატჩს მაისაშვილის შეგირდები 28 მარტს შინ რუმინეთის წინააღმდეგ გამართავენ.





