რონალდ კუმანმა „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი ტიტული მოიგო. კატალონიური გრანდი სამეფო თასის მფლობელია.
ფინალში „ბლაუგრანამ“ ბილბაოს „ატლეტიკი“ 4:0 გაანადგურა და ისტორიაში ესპანეთის თასი 31-ედ აღმართა. დუბლი მიითვალა ლიონელ მესიმ, ხოლო მეტოქეს თითო-თითო გოლი ანტუან გრიზმანმა და დე იონგმა გაუტანეს.
ბუნებრივია, „ბარსელონას“ ნიდერლანდელი დამრიგებელი რონალდ კუმანი შედეგით კმაყოფილია და მატჩის შემდგომი კომენტარიც აღმატებულ ხარისხში გააკეთა.
„მეტოქეს ყველა კომპონენტში ვაჯობეთ. თასის ფინალისთვის შესაძლოა უჩვეულო ანგარიშია, რადგან გულშემატკივარი უფრო დაძაბულ მატჩს ელოდა, მაგრამ ჩვენ ეს ჯილდო დავიმსახურეთ.
პირველი გოლის გატანა თითქოს ოდნავ დაგვიგვიანდა, თუმცა შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. მესი? ის ყოველ ჯერზე ამტკიცებს, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. დიდი იმედი მაქვს, მისთვის ეს მატჩი ესპანეთის თასის გათამაშებაში ბარსელონას მაისურით ბოლო არ ყოფილა. ყველას სურვილია ის ჩვენთან დარჩეს.
ბედნიერი ვარ. ახლა შეგვიძლია ოდნავ მოვეშვათ და ვიზეიმოთ, თუმცა წინ არაერთი მნიშვნელოვანი მატჩი გველის. ესპანეთის ჩემპიონის ტიტულიც არ არის შორს და ამისთვის მაქსიმუმი უნდა გავიღოთ“ – აღნიშნა რონალდ კუმანმა.





