მართალია, პროექტი შეჩერდა, თუმცა ევროპის სუპერლიგის საკითხი უკვალოდ რომ არ ჩაივლიდა იმთავითვე ნათელი იყო.
ასე ვთქვათ „ბობოლა“ გუნდების სითავხედემ უეფა იმდენად გააბრაზა, რომ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო წაყრუებას ნამდვილად არ აპირებს და „იუვენტუსის“, „რეალის“ და „ბარსელონას“ სამაგალითოდ დასჯას გეგმავს.
შეგახსენებთ, სწორედ აღნიშნული სამი გრანდია, რომლებსაც ჯერ სუპერლიგა ოფიციალურად არ დაუტოვებიათ და გაჯიუტებულნი არიან.
ჰოდა, უეფამაც ოფიციალური განცხადება გაავრცელა და დაადასტურა, რომ ტურინული, მადრიდული და კატალონიური გრანდების წინააღმდეგ ოფიციალური გამოძიება დაიწყო და დისციპლინარული საქმეც აღიძრა.
უეფას ეთიკისა და სადისციპლინო კომიტეტის ინსპექტორების მიერ, სუპერ ლიგის პროექტთან დაკავშირებით ჩატარებული გამოძიების შემდეგ, რეალის, ბარსელონასა და იუვენტუსის წინააღმდეგ უეფას წესების შესაძლო დარღვევის საკითხზე დისციპლინური საქმე აღიძრა“ – ნათქვამია უეფას განცხადებაში.
მაქსიმალური სასჯელი, რაც უეფას შეუძლია გუნდებს დაუწესოს ეს 2 წლით ევროტურნირებიდან მოკვეთაა. რაც შეეხება დანარჩენს გუნდებს, რომლებმაც სუპერლიგა მალევე დატოვეს შესაძლოა მხოლოდ ფინანსური სანქცია დაეკისროთ.








