მაგიდის ფეხბურთის, ანუ futbolin–ის გამომგონებელი ესპანელი ალეხანდრო ფინისტერეა, რომელიც 1919 წელს დაიბადა და ღრმა მოხუცობაში, 2007 წელს გარდაიცვალა.
ისტორია კი ტრაგიკულად და სევდიანად იწყება: გალისიელი ფეხსაცმლისა და ქვის მწარმოებელი სამოქალაქო ომამდე გაკოტრდა, მამას ათი შვილის რჩენა გაუჭირდა. კერძო სკოლაში სწავლის სახსრები ოჯახს არ ჰქონდა, ამიტომ პატარა ალეხანდრიტომ ჯერ ქვის თლას მიჰყო ხელი, შემდეგ კი ტოპოგრაფიაში გადაინაცვლა.

ნაცისტების მიერ მადრიდის დაბომბვის დროს ალეხანდრო ნანგრევებში მოჰყვა და სერიოზულადაც დასახიჩრდა – იგი სამუდამოდ დაკოჭლდა. ის ასე ამბობდა ხოლმე: ,,მაგიდის ფეხბურთი ნაცისტური ბომბის გამო გამოვიგონე”. ჰოსპიტალში, სადაც მკურნალობას გადიოდა, ბევრი დაჭრილი და მასზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანი იმყოფებოდა: ,,ჯერ ვალენსიაში, იქიდან კი Colonia Puig de Montserrat–ის ჰოსპიტალში გადამიყვანეს. დაბომბვის შედეგად კბილიც დავკარგე, თუმცა ყველაზე დიდ ტკივილს ის მაყენებდა, რომ ფეხბურთის თამაშს ვეღარ შევძლებდი. მშურდა ყველასი, ვისაც ფეხბურთის თამაში შეეძლო. ძალიან მომწონდა მაგიდის ჩოგბურთიც, ამიტომაც გავიფიქრე: ,,რატომაც არ შეიძლება მაგიდის ფეხბურთი გამოვიგონო?” – იხსენებდა გამომგონებელი.
1936 წლის შობამდე ცოტა ხნით ადრე ფინისტერემ ბარსელონაში რამდენიმე ხის მორი შეიძინა და ბასკმა ხურომ, მასავით ლტოლვილმა ხავიერ ალტუნამ მისთვის მაგიდა და რამდენიმე ფიგურა გამოთალა. ყველაფერი ამის მნახელმა ადგილობრივმა ჟოან ბუსკეტსმა, რომელიც ანარქისტული მოძრაობის ლიდერი იყო და სოდის გადამამუშავებელ ქარხანას ფლობდა, ალეხანდრო ფინისტერეს ფიგურების დაპატენტება შესთავაზა.

გამომგონებელი ასეც მოიქცა. 1937 წლის დასაწყისში მან თავისი ფიგურები დააპატენტა, თუმცა ესპანეთში მიმდინარე სამოქალაქო ომის გამო მას ქვეყნიდან გაქცევა მოუხდა და პირინეის მთების გავლით ფეხით გადაკვეთა საფრანგეთის საზღვარი. ,,ჩანთაში რამდენიმე დაპატენტებული ფიგურა და ორი ჩემი პიესა: ,,Helena” და ,,Del amor y de la muerte” მქონდა. თუმცა ათი დღის მანძილზე კოკისპირულ წვიმაში სიარულმა ფურცლები შეიწირა” – ნაღვლიანად ჰყვებოდა თურმე ალეხანდრო ფინისტერე.

მას ღრმად სწამდა, რომ გამოიგონა უწყინარი თამაში, რომელიც დამეგობრებას უწობს ხელს და შორს არის მიდრეკილი ვიდეო თამაშებისგან: ,,სრულყოფილი თამაშია, და ამან სიხარული მომანიჭა. 2004 წელს, ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას პორტოში ქანდაკება დამიდგეს”.




