საქართველოსა და რუსეთის სარაგბო დაპირისპირებამდე, რუსი დათვების მთავარმა უელსელმა მწვრთნელმა, ლინ ჯონსმა პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.
„რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრები ამ ტურნირზე უძლიერესია, მათ 6 კვირის წინ ვეთამაშეთ და საკმაოდ რთული მატჩიც გამოვიდა. ბუნებრივია, ისინი ტურნირის აშკარა ფავორიტები არიან, მაგრამ ამ თამაშისთვის ჩვენც დიდი ხნის განმავლობაში ვემზადებოდით და ვფიქრობ კარგი შეხვედრა იქნება. ჩვენი გუნდი მატჩიდან მატჩამდე ვითარდება და ბევრ გამოცდილებას აგროვებს. მგონი ყველასათვის ნათელია, რომ ახლა სხვა, უფრო მაღალ დონეზე ვიმყოფებით. შესაბამისად, ქართველებს იოლი გასეირნება არ ელით“, – განაცხადა ლინ ჯონსმა.
შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩში რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ბორჯღალოსნებს უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება.





