კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა BarcaTV-ს ინტერვიუს მისცა:
“გუნდში ლიონელ მესის როლი განუზომელია. ის კაპიტანი და ყველასთვის მისაბაძი მაგალითია. მას კოპა ამერიკის მოგება ძალიან უნდოდა და ამისთვის ყველაფერი გააკეთა. ჩემთვის, ლეო ოქროს ბურთის მოგების მთავარი ფავორიტია.
სერხიო აგუერო გამოცდილი ფეხბურთელია. ის მეტოქის საჯარიმოში ძალიან სახიფათოა და ასეთი ფეხბურთელის გუნდში ყოფნა დიდ უპირატესობას გვაძლევს. ჩვენი ამოცანაა, სერხიოს ფიზიკური ფორმის შენარჩუნებაში ხელი შევუწყოთ.
მემფის დეპაის ძალიან კარგად ვიცნობ. ის ხასიათით, ფიზიკური მონაცემებითა და სიჩქარით გამოირჩევა და შეუძლია, შეტევის რამდენიმე პოზიციაზე ითამაშოს. მას იდეალური ასაკი აქვს იმისთვის, რომ საუკეთესო თვისებები გამოავლინოს და იმედი მაქვს, “ბარსელონაში” ამას მოახერხებს.
ერიკ გარსიას შესანიშნავი ევროპის ჩემპიონატი ჰქონდა. ის ადგილობრივია და მიუხედავად ასაკისა, უკვე დიდი გამოცდილება აქვს. ის იგივე პოზიციაზე თამაშობს, რომელიც მე მეკავა. ერიკს გუნდის გაძლიერება არაერთ ასპექტში შეუძლია და დარწმუნებული ვარ, მას წინ დიდი მომავალი აქვს.
ემერსონი ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო განაპირა მცველია. ის ბრაზილიის ნაკრებში გამოიძახეს მაშინ, როცა გუნდში ძალიან დიდი კონკურენციაა. ის “ბარსას” სტილს კარგად ერგება და გუნდს ფიზიკური ძალითაც გააძლიერებს.
პედრი ევროზე ფენომენალური იყო. 18 წლის ასაკში მან თითქმის ყველა მატჩი სრულად ჩაატარა, თანაც საოცარ დონეზე.
პედრის თამაში მუდმივად უმჯობესდება, ის ფეხბურთით ცხოვრობს და საუკეთესო მაგალითია ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის, რომელსაც “ბარსელონაში” წარმატების მიღწევა სურს.
ცუდია, რომ პედრი ოლიმპიადაზე იღებს მონაწილეობას. როგორც გვარდიოლამ თქვა, ერთ ზაფხულში ორ დიდ ტურნირზე თამაში ზედმეტია, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ. მან ძალიან ბევრი ითამაშა და მოგვიწევს, დასვენების საშუალება მოგვიანებით მივცეთ. ეს აუცილებელია.
პედრის ბოლომდე ვენდობით და მომდევნო სეზონში მასზე დიდ იმედებს ვამყარებთ.
ანსუ ფატის არ გაუმართლა, რომ ასეთი დაზიანება მიიღო. მნიშვნელოვანია, რომ ის მალე გამოჯანმრთელდეს და გუნდს სწორ დროს შეუერთდეს. მას წინ დიდი მომავალი აქვს.
დემბელეს ტრავმა საწყენია. ამასთან ერთად, მის კონტრაქტთან დაკავშირებით რთული სიტუაციაა, რაც მისთვისაც და ჩვენთვისაც ცუდი ამბავია. დემბელე წინა სეზონში ძალიან დაგვეხმარა.
ახალგაზრდა ფეხბურთელები, როგორებიც არიან ბალდე, ნიკო, გავი და იუსუფი, “ბარსელონას” სამომავლო წინსვლაში დიდ როლს შეასრულებენ.
პრესეზონის დროს გუნდისთვის საუკეთესო სისტემას შევარჩევთ. ვიცით, როგორ ვითამაშოთ 4-3-3 წყობით, მაგრამ წინა სეზონში გამოჩნდა, რომ 3-მცველიანი სქემის გამოყენებაც შეგვიძლია.”-განაცხადა კუმანმა.
შეგახსნებთ, რომ კატალონიური გუნდი პრე-სეზონს 21 ივლისს “ხიმნასტიკის” წინააღმდეგ დაიწყებს.








