მოურისიო პოჩეტინოს უქმობა დასრულდა. „ტოტენჰემიდან“ წამოსვლის შემდეგ, არგენტინელი სპეციალისტი კარგა ხანს უმუშევარი იყო, ახალი წელი კი მისთვის იღბლიანად დაიწყო – ის „პსჟ“-ს თავკაცად დაინიშნა.
პარიზული გრანდისთვის ეროვნული ჩემპიონატი უკვე მოყირჭებული თემაა. რა ხანია, „პსჟ“-ს საფრანგეთის ჩემპიონატში პრობლემა არ აქვს და მიჯრით იგებს, აი ჩემპიონთა ლიგა კი სხვა ამბავია. ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე პარიზელები ვერ ყოჩაღობენ.
„დიდებულ გუნდში მოვედი. „პსჟ“ მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული კლუბია. გამიჭირდება „ტოტენჰემთან“ შედარება, რადგან ეს ორი გუნდი ერთმანეთისგან ყველაფრით განსხვავდება. ლონდონიდან არაჩვეულებრივი მოგონებები გამომყვა.ამჟამად „პსჟ“-ს მწვრთნელის რანგში პირველი მატჩის მოლოდინში ვარ. გუნდში ძლიერი ფეხბურთელები მყავს.
ჩემპიონთა ლიგა? ის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი და მის განახლებამდე ერთი თვეა. მოსამზადებლად საკმარისი დროა. ახლა, ტრავმირებული ფეხბურთელების გამოჯანმრთელებას ველოდებით და ვფიქრობ „ბარსელონასთან“ დაპირისპირებამდე სრულ მზადყოფნაში ვიქნებით“ – ამბობს მოურუსიო პოჩეტინო.





