„პირველი მერცხალი“ და იასონ კვირკველია. 2000 წლის 16 დეკემბერს შესაძლოა ფეხბურთის არაერთ ქომაგს ეს ლეგენდარული ქართული ფილმი გახსენებოდა და პარალელი გაევლო იმ ფაქტთან, რაც ასევე არაჩვეულებრივმა პაოლო დი კანიომ გააკეთა.
ხომ ყველას გახსოვთ ის ეპიზოდი, დიდებული ქართველი მსახიობის, დოდო აბაშიძის გმირმა იასონ კვირკველიამ დაუცველ კარში რომ გოლის გატანა არ იკადრა? რა თქმა უნდა, შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ახლო წარსულში ფანტანსტიურ იტალიელ ფორვარდს „პირველი მერცხალი“ ნანახი ჰქონდეს ან მასზე რამე სმენოდეს, მაგრამ ლონდონში, იმ სუსხიან საღამოს ჩადენილმა მისმა ღირსეულმა ქმედებამ საფეხბურთო სამყარო აალაპარაკა, ისევე როგორც იასონ კვირკველიამ საქართველოს ლამაზ ზღვისპირა ქალაქ ფოთში.

არადა იმ გოლს ბავშვიც კი გაიტანდა, არათუ ისეთი დონის ფორვარდი, როგორც პაოლო დიკანიო იყო. მსაჯის მიერ დამატებული დრო მიმდინარეობდა. „ვესტ ჰემი“ პრინციპულ დაპირისპირებაში „ევერტონს“ ეთამაშებოდა და 3 ქულა ჰაერივით ესაჭიროებოდა. შეაგდე და მოიგე, მაგრამ არა. პაოლოს ასეთი გოლი არაფრად უღირდა. ცარიელ კარს მხოლოდ მცველი იცავს, მეკარე პოლ ჯერარდი კი მინდორზეა გაშხლართული და ტკივილისგან იკლაკნება. პაოლო პურთ ხელში იღებს და არბიტრს უთითებს, მეკარეს მიხედეო. მატჩიც გაჩერდა და მოედანზე „ევერტონის“ შტაბის სამედიცინო პერსონალი შემოვიდა.
„ადამიანის ჯანმრთელობა ყველაზე ფასეულია. ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერი იყო. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, მოწინააღმდეგე გუნდი ყოველთვის მტერი იყო, მაგრამ ის სხვა ვითარება იყო. იმ დროს ჯერარდი მტრად ვერ აღვიქვი.

როდესაც თამაშის დროს ფეხბურთელი სერიოზულ ტრავმას იღებს, შესაძლოა წამებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. ექიმების ჩარევა მყისიერად უნდა მოხდეს, რათა დაზარალებულს სწრაფად აღმოჩინონ ნამედიცინო დახმარება. იმ ეპიზოდში ჯერარდს ვუყურებდი როგორც არა მხოლოდ კოლეგას, არამედ ჩემს ძმას, რომელიც ფეხბურთზე უსაზღვროდ არის შეყვარებული და წამიერი დახმარება სჭირდებოდა. შესაძლოა ისეც მომხდარიყო, რომ მისი კარიერა იქვე დასრულებულიყო. ეს კი საშინელება იქნებოდა. ამიტომ სხვა ვარიანტი აღარ იყო, თამაში უნდა შეჩერებულიყო.
ტრიბუნებზე სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა. მაყურებელი გაირინდა, რასაც მქუხარე აპლოდისმენტები მოჰყვა. სტადიონი კინაღამ დაინგრა. მოგვიანებით გავათვითცნობიერე, რომ პუბლიკა ტაშს მე მიკრავდა“ – ასე იხსენებს იმ ეპიზოდს თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში პაოლო დი კანიო.

„პაოლოს ამ საქციელს რაინდობას გავუტოლებდი. სწორედ ასეთი ადამიანები და ქმედედები ალამაზებენ ფეხბურთს“ – იტყვის იმ დროს ლონდონის „არსენალის“ დიდებული სპეციალისტი არსენ ვენგერი.
რა თქმა უნდა, პაოლო დიკანიოს საქციელი შეუმჩნეველი არ დარჩენია ფიფას და იტალიელი ფეხბურთელი სპეციალური პრიზით დააჯილდოვა.
ეს ამბავი 2000 წლის 16 დეკემბერს, „გუდისონ პარკზე“ მოხდა, რომელიც სამუდამოდ ჩაიწერა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში.








