საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტ 2022-ის შესარჩევი ეტაპის, E ჯგუფის ბოლო მატჩში ფინეთის ეროვნულ გუნდს „სპორტის სასახლეში“ დაუპირისპირდა.
ჩვენი გუნდი ამ მატჩს დიდი დანაკლისით ხვდებოდა, გუნდს კონერ ფრენკამპი მუხლის ტრავმის გამო დააკლდა და გამთამაშებლის პოზიცია გივიკო ბაქრაძემ დაიკავა.
მატჩი გარდამავალი უპირატესობით დაიწყო, ბოქორლიშვილმა სამქულიანიც ჩააგდო, თუმცა პირველი ხუთწუთეული მაინც მეტოქის იყო, პირველი მეოთხედის დასრულებამდე 5:27 წამით ადრე ფინელები 8 ქულით „გაიქცნენ“ 5:13.
წუთშესვენების აღების შემდეგ, ზუროსის გუნდმა რიხიანად დაიწყო, მეტოქეს ერთ შეტევაში 4! ჯარიმა აქკიდა და გუნდურების ლიმიტი ამოწურა. შერმადინმა ორი საჯარიმო გამოიყენა, თუმცა მეტოქემ 4 ქულით გვიპასუხა.
სამწუხაროდ სკანდინავიელებმა კარგი მუხტის დაჭერა მოახერხეს, ორი ბურთი ჩაგვიჭრეს და 14 ქულით წინ გაიჭრნენ, 11:25. რა თქმა ილიას ზუროსის ტაიმაუტის მოთხოვნამაც არ დაახანა.
პირველი მეოთხედი მეტოქემ 13 ქულის სხვაობით 17:30 მოგვიგო, ტრადიციულად დაცვაში პერიმეტრის გაკონტროლება ძალიან გვიჭირდა.
ფინელებმა დომინირება მეორე მეოთხედშიც გააგრძელეს და ფაქტობრივად მატჩს სრულად აკონტროლებდნენ, ისინი საშუალოდ 20 ქულიან ჰანდიკაპს ინარჩუნებდნენ და ჩვენს გუნდს დაქაჩვის საშუალება არ ჰქონდა.
ჩვენმა გუნდმა მეორე ნახევარი ძალიან კარგად დაიწყოსაწყის 3 წუთსა და 52 წამში გუნმა ათქულიანი გაქცევა მოაწყო და ანგარიში 39:49 გახადა.
წუთშესვენებიდან დაბრუნების შემდეგ ქართველებმა კარგი დაცვის თამაში განაგრძეს და მეტოქეს 24 წამის განმავლობაში არ ასროლინეს.
სკამიდან ძალიან კარგად შემოვიდა კახა ჯინჭარაძე, რომლის ენერგიულმა დაცვამ გუნდი ხასიათზე მოიყვანა, დუდა სანაძემ სამქულიანი ჩააგდო და სხვაობა 9 ქულამდე დაიყვანა, რასაც მიშა ბერიშვილმაც იგივე მიაყოლა და 49:55.
კარგი იყო ბექა ბექაურიც, რომელმაც ჯერ ბურთი შეტევაში მოხსნა, შემდეგ ჩააგდო და დაცვაში დაფარებაც მიითვალა. დუდამ დაცვაში ბურთი ჩაჭრა, მარტო მყოფი ლობჯანიძე მოძებნა და მესამე მეოთხედი რიციანად დავასრულეთ, ანგარიში გათანაბრდა 57:57.
მეოთხე მეოთხედის პირველ ნახევარში ფინელებმა უპირატესობა კვლავ ხელთ იგდეს და პერიმეტრიდან „დაგვბომბეს“, რასაც ჩვენი გუნდი ცოტა ქაოსურად პასუხობდა.
მატჩის ბოლოს ჩვენმა ნაკრებმა კიდევ ერთხელ გაიბრძოლა, თუმცა გადამწყვეტ მომენტებში არაფერი გამოგვდიოდა. საბოლოოდ 70:79 ფინეთის ნაკრების სასარგებლოდ, ჯგუფში პირველი ადგილი კი სერბეთმა დაიკავა.







