მას შემდეგ რაც ზინედინ ზიდანმა „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი ოფიციალურად დატოვა, მყისვე ამოტივტივდნენ უმუშევარი ტოპ მწვრთნელები.
ანტონიო კონტეს „ინტერიდან“ წასვლა და სამეფო გუნდთან დაკავშირება ერთი იყო, მანამდე კი აქტიური საუბრები მიდიოდა რაულის შესახებ. უცხოური მედია იტალიელ და ესპანელ სპეციალისტებს მადრიდულ გრანდს აქტიურად უკავშირებდნენ.
გაირკვა, რომ არც რაული და არც კონტე „რეალში“ არ იმუშავებენ. ამის შესახებ მათ თავად განაცხადეს და ყოველგვარ მითქმა-მოთქმას და ჭორებს წერტილი დაუსვეს. რაულმაც და კონტემაც კატეგორიულად უარყვეს, რომ „რეალში“ იმუშავებენ.
ესპანური მედიის მტკიცებით, მადრიდული გრანდი რობერტო მარტინესის კანდიდატურაზე სერიოზულად ფიქრობს. ფეხბურთის მოყვარულთ ალბათ შეხსენება არ სჭირდებათ, რომ მარტინესი ამჟამად ბელგიის ნაკრების თავკაცია.





