მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, ავსტრალიის ღია პირველობის წინა კარანტინს მელბურნის ნაცვლად ქალაქ ადელაიდაში გადის, თუმცა ისეთვე მკაცრ პირობებში არ იმყოფება, როგორც დანარჩენები.
ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც შემსუბუქებული, მაგრამ იზოლაცია მაინც იზოლაციაა და ნოლეც ამის გამო მოწყენილია. მის გასამხიარულებლად, ამას წინათ, სასტუმროს წინ სერბის გულშემატკივრები შეიკრიბნენ და ეროვნული ცეკვაც დაუდგეს.
ამასობაში, ნოვაკ ჯოკოვიჩი აღმოჩენას აკეთებს და ასკვნის თუ რატომ ბრაზობენ ჩოგბურთელებზე ადგილობრივების ნაწილი.
„ერთი სული მაქვს, სასტუმროს ნომერს როდის დავტოვებ და ქომაგების წინაშე ვითამაშებ. კარანტინს, რომ სხვა კუთხით შევხედოთ, ალბათ ავსტრალიელთა სტუმართმოყვარეობასაც ვიგრძნობთ. მე ვხვდები ჩვენზე რატომაც ბრაზობენ. ავსტრალიელები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში იმყოფებიან, სახლში ვერ ბრუნდებიან ან რთული პროცედურის გავლა უწევთ, ჩოგბურთელები კი მშვიდად და აუღელვებლად ჩამოვფრინდით.
როდესაც იზოლაციის ვადა ამომეწურება, პარკში წავალ და ერთი საათი სკამზე ჩამოვჯდები. მენატრება სუფთა ჰაერი და მშვიდი სეირნობა.
სასტუმროსთან, ჩემი აივნის წინ ხალხი ბავშვებთან ერთად მოდის. ისინი მღერიან, ცეკვავენ და ასე ცდილობენ კარანტინი შემიმსუბუქონ. დიდი მადლობა მათ ამისთვის“ – ამბობს ნოლე.
შეგახსენებთ, ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის მოქმედი ჩემპიონია და 8 თებერვლიდან შეეცდება ტიტული დაიცვას.





