მსოფლიოს პირველი ჩოგანი მეცხრე ტიტულს უტევს. მიხვდებოდით, საუბარი ავსტრალიის ღია პირველობაზე, რომელიც ნოვაკ ჯოკოვიჩს კარიერაში 8-ჯერ აქვს მოგებული და მელბურნში თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში.
ნოვაკ ჯოკოვიჩის მეტოქე წლის პირველი დიდი სლემის სასტარტო მატჩში ჟერემი შარდი იყო, რომელიც რეიტინგის 66-ე ნომერია. ბუნებრივია, წყვილის უდავო ფავორიტი სერბი მეჩოგნე გახლდათ და მანაც ვეტერან ფრანგს ბოლო მოუღო. ნოლემ მეტოქე საათნახევარში – 6:3, 6:1, 6:2 დაამარცხა.
ნიშანდობლივია, რომ ამ ორი ჩოგბურთელის ურთიერთდაპირისპირების ისტორია ნოლეს შთამბეჭდავი უპირატესობით აღინიშნება. ჯოკოვიჩმა ჟერემი შარდს მეთოთხმეტედ მოუგო და არცერთი წაუგია.
ავსტრალიის ღიას მეორე წრეში ნოვაკ ჯოკოვიჩის მოწინააღმდეგე ამერიკელი ფრანსის ტიაფო იქნება, რომელმაც თავისმხრივ იტალიელი სტეფანო ტრავალია დაამარცხა.





