29 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილის ATP-ს განახლებულ რეიტინგში 2 ადგილით დაწინაურდა და 1 578 ქულით 34-ე პოზიციაზე იმყოფება.
ბასილაშვილმა კლასიფიკაციაში სერბი დუშან ლაიოვიჩი და ყაზახეთის სახელით მოთამაშე რუსი ალექსანდერ ბუბლიკი ჩამოიტოვა და ახლა, მის წინ 30 წლის კანადელი მილოშ რაონიჩია. შეგახსენებთ იმასაც, რომ თავად ნიკოლოზის საუკეთესო შედეგი მე-16 ადგილია. ის ამ პოზიციაზე 2019 წლის მაისში იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ბასილაშვილმა მეცის ტურნირის მეოთხედფინალში გასვლა მოახერხა, სადაც გაელ მონფილსთან წააგო.
ნიკოლოზი ამ კვირაში სან დიეგოს საერთაშორისო ტურნირში ჩაერთვება, რომლის საპრიზო ფონდიც 661 800 დოლარია. პირველ რაუნდში ბასილაშვილის მეტოქე მე-9 ნომრად განთესილი იტალიელი ლორენცო სონეგო იქნება. ეს თამაში 28 სექტემბერს არის დაგეგმილი.





