ამერიკის საკალათბურთო კოლეჯთა ლიგაში ნატალია ოთხმეზური შესანიშნავად გამოიყურება და ქართველი კალათბურთელი ყველა თამაშში პროგრესირებს. მისი გუნდი, სამხრეთ იუტას უნივერსიტეტის გუნდი „თანდერბერდსი“ ზედიზედ მეორედ „პორტლენდ სტეიტ ვიკინგსს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 77:53 მოიგო.
ოთხმეზურმა 23 წუთი ითამაშა და ორივე გუნდის მხრიდან, დარი დოტსონთან ერთად, ყველაზე მეტი – 19 ქულა დააგროვა, მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ ნატალიას ამ შედეგის დასაფიქსირებლად თანაგუნდელზე 7 წუთით ნაკლები დასჭირდა. მის ანგარიშზე ასევე 2 მოხსნა (ორივე შეტევაში) და 2 პასია. ოთხმეზური პერიმეტრიდან მაღალი სიზუსტით ისროდა და 6-დან 5 სამქულიანი ჩააგდო, ორქულიანი კი 4-დან 2. მან ერთხელ დაკარგა ბურთი და მეტოქის წინააღმდეგ 2-ჯერ დაჯარიმდა.
ნატალიას გუნდი ბიგ სქაი კონფერენციაში 8 მოგებითა და 1 წაგებით პირველ ადგილზე იმყოფება.





