აზარტული თამაშებისადმი მიდრეკილება ან სიყვარული მხოლოდ რიგით მოკვდავებს არ ამოძრავებთ. არაერთი სკანდალი გვახსენდება, როდესაც ამა თუ იმ სპორტის მაღალჩინოსანს ან რომელიმე საფეხბურთო გუნდის პრეზიდენტს ფსონი განუთავსებია და შემდეგ საკუთარი კლუბი გარიგებულ მატჩში უთამაშებია.
ირკვევა, რომ თურმე UFC-ის პრეზიდენტს დანა უაითს ადრე აზარტული თამაშები ძალიან იზიდავდა და დიდ ფულსაც დებდა. ერთი მსგავსი შემთხვევა მან მედიასთანაც გაიხსენა და საკუთარ თავს სულელი უწოდა.
„დიახ, ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდი, როდესაც საბუქმეიქერო კანტორაში დავიარებოდი და ფსონებს ვდებდი. ამაში დანაშაულს ვერ ვხედავ, ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ის რაც ერთხელ გავაკეთე მხოლოდ ნამდვილი იდიოტი და სულელი თუ მოიმოქმედებდა.
ჯერმენ ტეილორი გახსოვთ ან გსმენიათ? ალბათ კი. ჰო, მასზე განვათავსე ფსონი და კოლოსალური თანხა დავდე – 1 მილიონი დოლარი. გაგიკვირდათ არა? აი, ასეთი წინდაუხედავი ნაბიჯი გადავდგი და წავაგე. ამ ბიჭის მოგებაში მაშინ დარწმუნებული ვიყავი და დიდი ფულიც მაგიტომ გავრისკე. არ გამიმართლა და ტეილორმა პირწმინდად წააგო“ – იხსენებს თავის წარსულს დანა უაითი.





