2020 წელს, ევროთასებზე, ერთადერთი ქართული გუნდი, რომელმაც სასიამოვნოდ გაგვაოცა უდავოდ თბილისის „ლოკომოტივი“ გახლდათ. გია ჭიაბრიშვილმა და მისმა გაწრთვნილმა შეგირდებმა, ევროპა ლიგის ორი ეტაპი გადალახეს და თან საკმაოდ ძლიერი მეტოქეები დაამარცხეს. სიმართლე ითქვას, რუმინული „კრაიოვას“ და მოსკოვის „დინამოს“ ბარიერების გადალახვას ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებული „ლოკომოტივისგან“ ცოტა თუ ელოდა.
მოსკოვის „დინამოს“ დამარცხება (2:1) ქართველ გულშემატკივარს გულზე განსაკუთრებულად სალბუნივით მოედო. რუსული გუნდი თბილისიდან კუდამოძუებული წავიდა, მალე კი მთავარი მწვრთნელი კირილ ნოვიკოვიც დაითხოვეს. ეჭვგარეშეა, რომ რუს სპეციალისტს, თბილისის „ლოკომოტივთან“ მარცხი არ აპატიეს.
რუსული პრესა იმ მწარე წაგებას დღემდე ვერ ივიწყებს. იქაური მედია, აწ უკვე მოსკოვის „დინამოს“ ყოფილ მთავარ მწვრთნელს, კირილ ნოვიკოვს მაზოლზე ფეხს ახლაც აჭერს.
-როგორ მოახერხეთ და შეძელით თბილისის „ლოკომოტივთან“ წაგეგოთ?
-როგორც წესი, ამბობენ რომ ცუდს მალე ივიწყებენო. ჩვენთან კი პირიქითაა. დღემდე იმ მარცხზე საუბრობენ.
-მძიმე დარტყმა იყო და იმიტომ. იმ წაგებას გულშემატკივრები მარტივად ვერ დაივიწყებენ.
-ჩემთვის დიდი პატივი იყო „დინამოს“ დარი გუნდის მთავარი მწვრთნელობა. ვცდილობდი ამ საქმიდან სიამოვნება და მეტი პოზიტივი მიმეღო.
თბილისში მარცხი კი მართლაც სენსაციური იყო. გეტყვით, რომ იმ დაპირისპირებაში ჩვენი ფეხბურთელების უმეტესობამ შესაძლებლობების მინიმუმი გამოავლინა. ერთ-ერთ მიზეზად ამას დავასახელებდი.
რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას არც მე გავურბივარ. ალბათ, ფეხბურთელები სათანადოდ ვერ განვაწყვეთ. გასახდელში მეტი მოტივაცია ვერ შევუქმენით, საჭირო სიტყვები ვერ ვუთხარით. ფაქტი კი ფაქტად დარჩა. ჩვენ ევროსეზონს ნაადრევად დავემშვიდობეთ.
-დროის უკან დაბრუნება რომ შეგეძლოთ, რას შეცვლიდით იმ მატჩში?
-ვფიქრობ, გუნდი იმ დაპირისპირებისთვის ბოლომდე ტონუსში ვერ იყო. კი, თითქოს კარგად მოვემზადეთ, მაგრამ გამოჩნდა, რომ რაღაც დაგვაკლდა. ის, რომ რამდენიმე ფეხბურთელი თავის მაქსიმუმს ვერ გამოავლენდა, ამის წინასწარმეტყველება რთული იყო. ალბათ ეს გამოგვეპარა.
მომხდარის გაანალიზება უკვე ადვილია. იმ მომენტში კი ირჩევ კონკრეტულ ფეხბურთელებს და მათ ენდობი. მატჩამდე, მეგონა რომ ოპტიმალური შემადგენლობა შევარჩია. თურმე ვცდებოდი.
-თბილისში წაგება არის თქვენი სამწვრთნელო კარიერის შავი ლაქა?
-მაპატიეთ, მაგრამ ეს ფეხბურთია. „ლოკომოტივი“ არც ისე სუსტი იყო, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა. მწირი ბიუჯეტი? საქმე მარტო ფულში არ არის. „რეალმა“ ახლახანს ესპანეთის თასზე უსახელო და დაბალბიუჯეტიან გუნდთან წააგო.
ფეხბურთი იმიტომ არის განსაკუთრებული სპორტის სახეობა, რომ პატარა გუნდებს აქვთ შანში სძლიონ დიდებს. არ ვამბობ, რომ ეს აპრიორში ასე უნდა იყოს, მაგრამ ხდება ხოლმე და ამის იგნორირება არ გამოვა.
პასუხისმგებლობას რომ არ გავექეცი ნათლად გამოჩნდა. ჩემი გადადგომაც თბილისში მარცხის გამოძახილი იყო.








