საფრანგეთში მოღვაწე ვეტერანმა ბორჯღალოსნებმა რაგბის კავშირის გარშემო მიმდინარე პროცესებზე სპეციალური ბრიფინგი გამართეს და ირაკლი აბუსერიძეს მხარდაჭერას უცხადებენ. ქართული სამყაროსადმი მიმართვა დავით ზირაქაშვილმა, ვიტო კოლელიშვილმა, მახო ურჯუკაშვილმა, გოდერძი შველიძემ, მევლუდ მთიულიშვილმა, რევაზ გიგაურმა და0 ლევან დათუნაშვილმა გაავრცელეს.
„ჩვენ იმ თაობის მორაგბეები ვართ, რომლებმაც რაგბი საკუთარ ენთუზიაზმზე დავიწყეთ. აეროპორტშიც კი გვეძინა ხოლმე და თამაშებზე საკუთარი სახსრებითაც წავსულვართ, აბუსერიძე მაშინ იყო საქართველოს ნაკრების კაპიტანი და ლიდერი, როდესაც ქართულმა რაგბიმ დიდი პროგრესი განიცადა და დიდ წარმატებას მიაღწია. 9 ნომერი გუნდის ღერძია და მასზეა რაგბის თამაში აწყობილი. მათ განსხვავებული ხედვები და აზრები აქვთ. არგენტინის ნაკრების ლეგენდარული 9 ნომერი აუგისტინ პიშო არგენტინის ფედერაციის პრეზიდენტი იყო და ყველა ხედავს არგენტინამ რამხელა წარმატებას მიაღწია. ბერნარდ ლაპორტი ასევე 9 ნომერი იყო და აგერ მსოფლიო რაგბის ხელმძღვანელობს. ჰოდა, ვაცადოთ კლუბების უმრავლესობის მიერ არჩეულ ლეგიტიმურ პრეზიდენტს საქმის კეთება. მორაგბეებმა თავად უნდა გადაწყვიტონ საკუთარი ბედი“, – აცხადებენ ვეტერანები.
ცნობისთვის, ვეტერანი მორაგბეები ქართულ რაგბიში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ხვალ საფრანგეთში საქართველოს სრულუფლებიან ელჩთან შეხვედრას გეგმავენ და აღნიშნული ვითარებით დაინტერესებას სთხოვენ. საქართველოში მოღვაწე ვეტერანებმა უკვე გამართეს შეხვედრა აშშ-ს ელჩთან და მათი ინფორმაციით, კელი დეგნანმა რაგბის კავშირის გარშემო მიმდინარე პროცესების შესწავლა დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირის გამგეობამ განმეორებითი სხდომა 10 მარტს ჩანიშნა. არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ერთი კანდიდატი, იოსებ ტყემალაძე მიიღებს. მანამდე, პირველი ყრილობა 24 თებერვალს ჩატარდა, თუმცა საკმარისი კვორუმის არარსებობის გამო დელეგატებმა პრეზიდენტი ვერ აირჩიეს.
უფრო ადრე, 2020 წლის 30 დეკემბერს „ლოკომოტივის“ საწვრთნელ ბაზაზე კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა. 6 იანვარს საჯარო რეესტრმა ვეტერან მორაგბეს პრეზიდენტად რეგისტრაცია შეუჩერა, მიზეზად კი წესდების შეუსაბამოდ ჩატარებული ყრილობა დასახელდა. ირაკლი აბუსერიძე ახალ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და სხდომას არალეგიტიმურად მიიჩნევს.





