21-ე საუკუნეში თუ ვინმეზე შეიძლება ითქვას ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი იყოო უდავოდ ფერნანდო ტორესზე. ვეტერან ესპანელ შემტევს მკვლელის ინსტიქტი ჰქონდა და სადაც ითამაშა, ყველგან თავისი კვალი დატოვა.
37 წლის ტორესმა კარიერა 2019 წელს დაასრულა. ბოლოს ის ბურთს იაპონიაში აგორებდა. კარიერის საუკეთესო პერიოდში კი ფეხბურთის ქომაგებისთვის ტორესის გუნდების ჩამოთვლა ალბათ საჭირო არ უნდა იყოს. ესპანელი ფეხბურთელი წარმატებით იცავდა „ლივერპულის“, „ატლეტიკოს“ და „ჩელსის“ ღირსებას.
აღარაფერს ვამბობთ ტორესის სანაკრებო მიღწევებზე. მან „ფურია როხას“ მაისური 110-ჯერ მოირგო და 38 გოლიც გაიტანა. ფერნანდო ტორესმა ნაკრებთან ერთად ორჯერ ევროპის ჩემპიონატი და ერთხელ მუნდიალი მოიგო.
და აი, ფერნანდომ საფეხბურთო სამყარო კვლავ აალაპარაკა. ის ფეხბურთში დაბრუნებას გეგმავს. ამის შესახებ ესპანელმა ფორვარდმა სოციალურ ქსელში განაცხადა.
„ცხოვრებით სიამოვნებას მხოლოდ ერთი გზით ვიღებ და ეს ფეხბურთის თამაშია. ამიტომ, დაბრუნება გადავწყვიტე. მალე შეგატყობინებთ სად“ – ამბობს ფერნანდო ტორესი.





