საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია რიგით 31-ე ყრილობას მართავს, სადაც არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება.
ცხადია, განვლილ პერიოდზე და სამომავლო გეგმებზე საინტერესოა სფფ-ს პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის შეფასებები.
სულ ცოტაც და სტარტს ევროპის ჩემპიონატი აიღებს. 2020 წლის 12 ნოემბერი და ჩრდ.მაკედონიასთან მარცხი მოუშუშებელი იარაა, რომელიც გულშემატკივარს მუდამ მწარედ ემახსოვრება.
ლევან კობიაშვილმა ყრილობის მიმდინარეობისას კომენტარი იმ მატჩზეც გააკეთა.
„უკვე ჩავლილი ამბავია, მაგრამ მაინც მსურს ერთა ლიგის ფინალს და ჩრდ.მაკედონიასთან დაპირისპირებას შევეხო. ეს დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის დიდი ტკივილია, რომელსაც დავიწყება არ უწერია.
უდიდესი იმედგაცრუება და ტკივილი ვიგრძენით. ეს ყველას ტკივილი იყო, თითოეული გულშემატკივრის.
შემთხვევითობების და შეთქმულების თეორიების არ მჯერა. ახლა, როდესაც საკმაო დრო გავიდა ყველაფერი ცივი გონებით უნდა შევაფასოთ. რატომ ვერ გავედით? რა მოხდა? რატომ წავაგეთ. ალბათ იმიტომ რომ არ ვიმსახურებდით იმ მატჩში გამარჯვებას. ეს უნდა ვაღიაროთ, რათა შემდეგ გავძიერდეთ.
მსგავსი რამ ფუტზალის ნაკრებსაც შეემთხვა, როდესაც ევროპის პირველობაზე გამსვლელი გადამწყვეტი დაპირისპირება წააგეს. საკითხს თვითკრიტიკულად მივუდექით და მომდევნო შანსი გუნდმა გამოიყენა. ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
მჯერა, 12 ნოემბრის მსგავსი შანსი ფეხბურთელებსაც კიდევ არაერთხელ მიეცემათ. ვილი სანიოლი და მისი სამწვრთნელო შტაბი დიდ შრომას დებენ. იმედი მაქვს ჩვენ აუცილებლად ვიამაყებთ ჩვენი ნაკრებით“ – აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.





