საქართველოს ნაკრების მენეჯერმა და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
„პირველი ნახევრის შუაში მას მხედველების პრობლემა ჰქონდა. დაეწყო თავის ტკივილიც. გასახდელში ექიმებმა მასთან კონსულტაციები გაიარეს და გადაწყდა, რომ თამაშს ვეღარ გააგრძელებდა. თბილისში ჩამოსვლისთანავე მას ჩაუტარდა დამატებითი სამედიცინო შემოწმება და ის არის სრულ მზადყოფნაში. გუშინაც, მან გუნდთან ერთად სრულფასოვანი ვარჯიში ჩაატარა და დღევანდელი თამაშისთვის მზად არის“, – განაცხადა იაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, შვედეთის წინააღმდეგ ვილი სანიოლმა ხვიჩა კვარაცხელია პირველი ტაიმის ბოლოს გამოცვალა. მოგვიანებით გაირკვა, რომ 20 წლის ფეხბურთელს თავის ტკივილი აწუხებდა. ის შეხვედრა ჩვენმა გუნდმა მინიმალური სხვაობით, 1:0 წააგო.
დღეს კი ქართველი ფეხბურთელები საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში „დინამო არენაზე“ 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონს და სამგზის ევროპის ჩემპიონს, ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებენ. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.





