„ინდუსტრია გალდა დე ჟოსი“ – გვეეჭვება საქართველოში ფეხბურთის ყველაზე თავგადაკლულ ქომაგსაც კი მსგავსი გუნდის არსებობის შესახებ სმენოდა. ეს არც არის გასაკვირი. აღნიშნული გუნდი რუმინეთის რანგით მესამე დივიზიონში თამაშობს და იქიდანაც დაქვეითება ემუქრება.
ჰოდა, „გალდა“ საფეხბურთო სამყაროს ყურადღების ცენტრში მოექცა და დღეიდან ალბათ ბევრს ეცოდინება. საქმე საპირველაპრილო ხუმრობას ეხება. როგორც ჩანს, 1 აპრილს ტყუილით ხუმრობა მარტო ჩვენში არ ყოფილა გავრცელებული.
რუმინული გუნდის ხელმძღვანელები ერთ-ერთ ადგილობრივ სპორტულ სააგენტოს დაუკავშირდნენ და თხოვეს ინფორმაცია გაევრცელებინათ, თითქოს მთავარი მწვრთნელი სტეფან ფოროროსი ზედიზედ 3 წაგების გამო დაითხოვეს.
1 აპრილს, alba-sport.ro-ის ვებგვერდზე „გალდას“ პრეზიდენტის ოვიდიუ ჰულეას შემდეგი კომენტარი გამოქვეყნდა: „მსურს სტეფანს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადავუხადო. ისედაც ვიცოდი, რომ მიმდინარე სეზონში დაქვეითებას ვერ გადავურჩებოდით, მაგრამ მან ეს გამოწვევა მიიღო და გუნდში მოსვლაზე დაგვთანხმდა. ახლა კი, როდესაც ბოლო 3 მატჩი წავაგეთ, გადავწყვიტე მას ხელი ჩამოვართვა და დავემშვიდობო“.
„გალდას“ მთავარმა მწვრთელმა სტატია სერიოზულად მიიღო და წაკითხვისთანავე თანამდებობა დატოვა. ის ვარჯიშზე აღარ გამოცხადებულა, ხოლო გუნდს ახალი თავკაცი პაულ ჩუკა ჰყავს.





