ხაშურში, ცენტრალური „ივერიის“ სტადიონის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება.
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით ამ ეტაპზე, სამუშაოები ერთდროულად, რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს: ხორციელდება სტადიონის გარშემო, საფეხმავლო ბილიკების ფილებით მოპირკეთება, გარე პერიმეტრზე განათებების მონტაჟი, ტრიბუნაზე შიდა კომუნიკაციებისა და ვენტილაციის სისტემების გამართვა, ელექტროტაბლოს დამონტაჟება.
უკვე დასრულებულია რკინა-ბეტონის ძირითადი კონსტრუქციების მოწყობა, ასევე დასრულებულია ხელოვნურსაფარიანი მოედნის მშენებლობა და სტადიონის შიდა განათების მოწყობა. სულ მალე, დამონტაჟდება სკამებიც, რომელიც თეთრ და ცისფერ ფერებში იქნება გადაწყვეტილი.
„ივერიის“ სტადიონის რეაბილიტაციის პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობს და მისი ღირებულება 6 183 407 ლარს შეადგენს.
თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი სტადიონი, ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში პროფესიული სპორტის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
ხაშურის “ივერია” 1990–იანი წლების დასაწყისში უმაღლეს ლიგაში მონაწილეობდა. 1997 წელს კი პირველ ლიგაში დაქვეითდა, შემდგომში კლუბი პირველ და მეორე ლიგაში მონაწილეობდა. გუნდი 2006 წელს დაიშალა და 2009 წელს აღდგა. 2018 წლის 9 ოქტომბრიდან „ივერიის“ დროებითი საშინაო არენა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხის სტადიონი გახდა.
ამჟამად საფეხბურთო კლუბი “ივერია” საქართველოს მეხუთე, რანგით ყველაზე დაბალ ლიგაშია. ხაშურელი ფეხბურთის ქომაგებს იმედი აქვთ, რომ ივერია დროულად დააღწევს თავს კრიზისს და იბრძოლებს უმაღლეს ლიგაში აღზევებისთვის.




