მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი სერიოზულ სკანდალში გაეხვია. ავსტრალიაში ჩასული ჩოგბურთელი რვა საათი გააჩერეს მელბურნის აეროპორტში, იქ გაარკვიეს, რომ ჯოკოვიჩმა სამედიცინო გამონაკლისი უსაფუძვლოდ მიიღო და ახლა ავსტრალიიდან დეპორტირებას უპირებენ. ნოვაკმა 24 საათის განმავლობაში უნდა დატოვოს ავსტრალია, ამასთან, ის იურისტებთან ერთად გაასაჩივრებს გადაწყვეტილებას.
საქმეში ჩაერთო სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი და განცხადება გააკეთა: „სერბეთი იბრძოლებს ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის, სამართლიანობისთვისა და სიმართლისთვის“. მას ჰქონდა კონტაქტი ჯოკოვიჩთან და დაპირდა ჩოგბურთელს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა „შეწყდეს მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელის დევნა“.
განცხადებით გამოვიდა ჩოგბურთელის მამა სდრიან ჯოკოვიჩი: „წარმოდგენა არ მაქვს, რა ხდება. მათ ჩემი ვაჟი ექვსი საათია გამოკეტილი ჰყავთ. ეს უკვე არის ბრძოლა ჩვენი საერთო თავისუფლებისთვის. არა მხოლოდ ნოვაკისთვის, არამედ მთელი სამყაროსთვის! თუ მას ნახევარ საათში არ გაუშვებენ, ქუჩაში გავალთ – ეს თითოეული ჩვენთაგანის ბრძოლაა!“





