ირაკლი აბუსერიძე რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატად იოსებ ტყემალაძის წარდგენას ეხმაურება. ვეტერანი მორაგბე ამბობს, რომ კავშირის საქმიანობაში გარე ძალების ჩარევის შედეგად, ქართული რაგბის მდგომარეობა უარესდება.
„როდესაც გარე ძალები ერევიან და ესე სარგებლობენ თავისი გავლენებით, ეს ყოველთვის უფრო ხლიჩავს, უფრო ანადგურებს და ამით უფრო ნგრევისკენ მიდის ქართული რაგბი. დადის კლუბებთან, ჯერ 600 მილიონი მოჰქონდა, მერე 200 მილიონი, დღეს 20 მილიონზე ჩამოვიდა“, – განაცხადა აბუსერიძემ „მთავარ არხთან“ ინტერვიუს დროს.
ვეტერანმა მორაგბემ სოსო ტყემალაძესა და ბიძინა ივანიშვილის შესაძლო კავშირზეც ისაუბრა.
„ვერ დავეთანხმები, რომ ის ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი კანდიდატია. ამ ადამიანს მეტი სათქმელი არაფერი აქვს, იმიტომ რომ მას ქართულ რაგბთან არანაირი კავშირი არ ჰქონია“, – აღნიშნა აბუსერიძემ.
რაგბის კავშირის კიდევ ერთ კანდიდატად იოსებ ტყემალაძე ცოტა ხნის წინ დარეგისტრირდა. მას მხარი კავშირის გამგეობის 24-მა ნამდვილმა წევრმა დაუჭირა. საპრეზიდენტო არჩევნები 24 თებერვალსაა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი აბუსერიძემ 30 დეკემბერს გამართულ რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში დელაგატთა ხმების უმრავლესობა მოიპოვა და არჩევნებში გაიმარჯვა. 6 იანვარს საჯარო რეესტრმა მისი პრეზიდენტად რეგისტრაციის პროცესი შეაჩერა. უწყების განმარტებით, აბუსერიძის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით დადგინდა, რომ კრებაზე, სადაც იგი კავშირის პრეზიდენტად უნდა აერჩიათ, საკმარისი კვორუმი არ იყო. ამის გამო რაგბის კავშირის გამგეობამ ხელახალი არჩევნები 24 თებერვალს დანიშნა. აბუსერიძის განმარტებით, საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება არაკანონიერია და ის კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებს.





