ივნისის სანაკრებო მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების განაცხადში იძულებითი ცვლილებაა. ჯვაროსნების დამრიგებელმა ვილი სანიოლიმ 26 კაციანი სია რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა, თუმცა როგორც ჩანს ჩანაცვლება მოუხდა.
პირველად განაცხადში იყო ვაკო ყაზაიშვილი, რომელიც მარტის ოფიციალურ მატჩებში სანიოლიმ არ გამოიძახა, მაგრამ ამხანაგურ დაპირისპირებებში აპირებდა მისთვის შანსი მიეცა.
სამწუხაროდ, ვილი სანიოლის ფორმაციის ნაკრებში ვაკო ყაზაიშვილის დებიუტი ისევ გადაიდება. საქმე იმაშია, რომ ქართველი ფეხბურთელი ამჟამად სამხრეთ კორეის „ულსან ჰუნდაიში“ თამაშობს, ხოლო ამ ქვეყანაში კოვიდ პანდემიის გამო ადგილობრივ მთავრობას გადაადგილების შეზღუდვა აქვს დაწესებული. ვაკოს თბილისში ჩამოსვლაც ამ მიზეზით ვერ ხერხდება. ვილი სანიოლის გადაწყვეტილებით, ყაზაიშვილს მოახლოებული მატჩებისთვის უნგრული „უიპეშტის“ ფეხბურთელი გიორგი ბერიძე ჩაანაცვლებს.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 2 და 6 ივნისს სტუმრად ორ ამხანაგურ მატჩს შესაბამისად რუმინეთის და ნიდერლანდების გუნდებთან გამართავს.





