ჰოლანდიელი ფეხბურთელი კუინსი პრომესი რომ დიდ შარშია ამის შესახებ საზოგადოებამ ჰოლანდიური და ზოგადად უცხოური მედიიდან უკვე შეიტყო. ამსტერდამის „აიაქსის“ 28 წლის ფებურთელი 13 დეკემბერს ნათესავის დაჭრის ბრალდებით დააკავეს და რამდენიმე დღეც სატუსაღოში აყურყუტეს.
კუინსი პრომესი გირაოთი კი გაათავისუფლეს, თუმცა ამსტერდამის პროკურატურას საქმე არ დაუხურავს და გამოძიებაც გრძელდება. ჰოლანდიის ნაკრების წევრს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4 წლიანი პატიმრობა ემუქრება და ისღა დარჩენია გვირილაზე მკითხაობას მიჰყოს ხელი.
ეს ხუმრობით, ისე კი პრომესმა ციხიდან გამოსვლის შემდეგ ამ თემაზე პირველი კომენტარი De Telegraaf-თან გააკეთა.
„დასამალი არაფერი მაქვს. რა თქმა უნდა, სასიამოვნო განცდაა ისევ ჩემს საყვარელ საქმეს რომ დავუბრუნდი და ვცდილობ ფოკუსირება მთლიანად ფეხბურთზე მოვახდინო.
რაც მოხდა ნამდვილი შოკი იყო, მაგრამ ახლა ვცდილობ ცუდზე არ ვიფიქრო. მიხარია, რომ კვლავ თავისუფალი ვარ. მძიმე ვითარებაში აღმოვჩნდი, მაგრამ მომავალს იმედით ვუყურებ. რაც მოხდა, მოხდა“ – ამბობს კუინსი პრომესი.





