20 ქულა და 8 მოხსნა. ასეთი იყო გიორგი შერმადინის მონაგარი სერბეთთან მატჩში, რომელიც სტუმრების სრულფასოვანი რევანშით დასრულდა. ბალკანელებმა ილიას ზუროსის გუნდი 92:66 დაამარცხეს.
შეგახსენებთ, თბილისის სპორტის სასახლეში 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპის მატჩები ე.წ. „ბაბლის“ სისტემით მიმდინარეობს. საქართველოს დედაქალაქში სერბეთის, ფინეთის და შვეიცარიის ნაკრებებმა მოიყარეს თავი.
საქართველოს ნაკრები, როგორც მომავალი ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელი ტურნირში კონკურსგარეშე მონაწილეობს და სატურნირო თვალსაზრისით სანერვიულო არაფერი აქვს, თუმცა ალბათ ასეც რომ არ ყოფილიყო, საგზურს ალბათ მაინც მოიპოვებდა, რადგან აქამდე ჯგუფში წაუგებლად ასპარეზობდა და სერბები სტუმრადაც ჰყავდა დამარცხებული.
სერბებთან მატჩი პრესკონფერენციაზე მოკლედ შეაფასა საქართველოს ნაკრების ცენტრმა გიორგი შერმადინმა.
„მეტოქემ ბევრი სამქულიანი ჩაგვიგდო. ისინი პერიმეტრიდან შესანიშნავად ისროდნენ. ზოგადადაც, სერბეთის ნაკრების ძალა მსოფლიოში ყველასთვის ცნობილია, თუცმა ეს ჩვენ დიდი ანგარიშით მარცხს არ ამართლებს. თითქოს ზედმეტად მოდუნებულები ვიყავით.
რა თქმა უნდა, სერბებს გამარჯვებას ვულოცავ. მათ ეს ნამდვილად დაიმსახურეს. დაცვაში ცუდად გამოვიყურებოდით და მომდევნო მატჩში ეს ხარვეზი აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ. ვეცდებით ფინეთთან დაპირისპირება მოვიგოთ და ტურნირი ამაღლებული განწყობით დავასრულოთ“ – აღნიშნა გიორგი შერმადინმა.





