25 მარტს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის სასტარტო მატჩში, საქართველოს ნაკრები სტოქჰოლმში შვედეთთან 0:1 დამარცხდა.
თითქოს წაგება არ კმაროდაო და ჯვაროსნებს ახალწვეული გიორგი მიქაუტაძეც გამოაკლდა. ნიჭიერი ახალგაზრდა ფორვარდი ეროვნულ ნაკრებს ესპანეთთან და საბერძნეთთან უმნიშვნელოვანეს მატჩებში ვეღარ დაეხმარება.
გიორგი მიქაუტაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივარს მიმართა.
„მოგესალმებით, ყველას. სამწუხაროდ, ჩემი ერთგული გულშემატკივრებისთვის ცუდი ამბავი მაქვს. დღეს, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების რიგებში თამაშის გეგმები ტრავმის გამო შემეცვალა და იძულებული ვარ, რამდენიმე მატჩი აპრილშიც გამოვტოვო.
მიუხედავად ამისა, ძალიან ბედნიერი ვარ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩემი დებიუტი რომ შედგა. დიდი მადლობა ფედერაციასა და მთელ გუნდს. დასრულებული არაფერია. მოედანზე უფრო მეტი თავგადასავლებისთვის მალე შეგხვდებით“ – წერს მიქაუტაძე ინსტაგრამის გვერდზე.
გიორგი მიქაუტაძე ვილი სანიოლმა შვედეთთან დაპირისპირებაში მოედანზე 84-ე წუთზე შეუშვა.





