“საბურთალოს“ ოფიციალურმა საიტმა გიორგი კოხრეიძეზე ძალიან საინტერესო მასალა შემოგვთავაზა. „საბურთალოს“ ყოფილი ლიდერი ცოტა ხნის წინ ფრანგულ „გრენობლს“ შეუერთდა.
ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
უკეთ ვარ, თუმცა ჯერ კიდევ ინდივიდუალური პროგრამით ვვარჯიშობ. სავარაუდოდ, 10 დღეში გუნდთან ერთად დავიწყებ საწვრთნელ პროცესს. მეუბნებიან, დაახლოებით 40 დღეში უკვე თამაშიც შემეძლება, მაგრამ ყველაფერი მაინც ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული. ვისარგებლებ შემთხვევით და “საბურთალოს” საექიმო შტაბს მადლობას გადავუხდი, რომლებიც თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებულები და პროფესიონალები არიან. ისინი ჩემს გამოსაჯანმრთელებლად ყველაფერს აკეთებდნენ.
ადაპტაცია ახალ გარემოსთან
გრენობლი ძალიან ლამაზი და მთიანი ქალაქია. ჯერჯერობით სასტუმროში ვცხოვრობ, თუმცა რამდენიმე დღეში სახლს გადმომცემენ და იქ გადავალ საცხოვრებლად. ამ ეტაპზე ვარჯიშების დროს ინგლისურად მაქვს კომუნიკაცია, მაგრამ უკვე შემირჩიეს მასწავლებელი და იქით კვირიდან ფრანგულის სწავლებას შევუდგები.
დახვედრა
ძალიან თბილად დამხვდნენ. ოფიციალური წარდგენის შემდეგ, სტადიონი დამათვალიერებინეს, რომელმაც ჩემზე დიდ შთაბეჭდილება მოახდინა. გაიხსენეს ჩემ მიერ გატანილი გოლი საფრანგეთის 21 წლამდელთა ნაკრების კარში. ასევე, გამაცნეს ფან-კლუბი, რომლებიც წარმატებასა თუ გასაჭირში ყოველთვის გვერდში უდგანან “გრენობლის”.
გრენობლის გეგმები
საწყის ტურში საკუთარ მოედანზე “პარიზს” ვეთამასებით. პირველ მატჩი და ზოგადად ჩემპიონატის სტარტი, ყოველთვის ჭირს, თუმცა მასპინძლები ვართ და ბუნებრივია, სამ ქულას ვგეგმავთ. თავიდან რამდენიმე ტურს გამოვტოვებ, შემდეგ მეც შევუერთდები გუნდს და იმ მიზნების მიღწევაში დავეხმარები, რომელიც აქვს. მიზანი უძლიერესთა რიგებში დაბრუნებაა, კლუბს ამის შესაძლებლობა ნამდვილად გააჩნია. შარშანდელი ბირთვი შენარჩუნებულია. იცით, რომ გასულ წელს “გრენობლი” პლეი-ოფში დამარცხდა გუნდი, არადა მიზანთან ძალიან ახლოს იყო.
როგორ მოხდა ტრანსფერი საფრანგეთში
სიმართლე გითხრათ, ასე უცებ წასვლას არ ველოდი. მძიმე ტრავმა მქონდა. რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ დავიწყე თამაში, მაგრამ დაზიანება ისევ გამიმიზეზდა. ინდივიდუალურად უკვე ვვარჯიშობდი, როდესაც ეს ვარიანტი გამოჩნდა. “გრენობლში” რომ ჩავირიცხე, ეს “საბურთალოს” ხელმძღვანელების უდიდესი დამსახურებაა. ძალიან დამეხმარნენ და ყველანაირად ხელი შემიწყეს. ბევრი კარგი მოგონებები მაკავშირებს “საბურთალოსთან”, რომელიც არასდროს დამავიწყდება. მადლობა ხელმძღვანელობას, მწვრთნელებს, ფეხბურთელებს და ყველა იმ ადამიანს, რომელთან ერთადაც მიმუშავია.
ბავშვობა
6 წლის ვიყავი, როდესაც ფეხბურთზე შევედი. მაშინ “იბერიაში” იუზა წილოსანთან დავიწყე ვარჯიში, მან შემაყვარა საწყის ეტაპზე ფეხბურთი. 14 წლისა უკვე “საბურთალოს” აკადემიაში გადმოვედი, ვოვა მუსერიძესთან. თავდაპირველად, მესამე გუნდში მოვხვდი, მაგრამ ნელ-ნელა გავიარე ყველა ეტაპი, მალე კი პირველ ლიგაში აღმოვჩნდი. გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით უმაღლე ლიგაში თამაშის უფლებაც მოვიპოვეთ. 16 წლის ვიყავი პირველად უძლიერესთა რიგებში რომ ვითამაშე. ჭიაბრიშვილთან მუშაობამ ბევრი რამ მასწავლა, მასთან ჩამოვყალიბდი, პროფესიონალი ფეხბურთელად. “საბურთალოს” შემადგენლობაში საქართველოში ყველა ტიტული მოვიგე, გავხდი ჩემპიონი და თასის გამარჯვებული, ასევე სუპერთასის მფლობელიც.
ოცნება
ყველა ასაკობრივ ნაკრებში მაქვს ნათამაშები. ახლა, ჩემი ოცნება ეროვნულ ნაკრებში მოხვედრაა. რა თქმა უნდა, იქამდე ბევრი მაქვს სამუშაო, მაგრამ არც ეს დღეა შორს. იმედია ჩვეულ ფორმაში მალე ჩავდგები, დავიმსახურებ გამოძახებას და ოცნებასაც ავიხდენ.



