ანდრეა პირლო კი გაჯიუტდა, მედიასაც არაერთი კომენტარი მისცა, რომ მიუხედავად „მილანთან“ კატასტროფული მარცხისა და ზოგადად ჩავარდნილი სეზონისა, თანამდებობას მაინც არ დატოვებდა, თუმცა როგორც ჩანს ამის გაკეთება მაინც მოუწევს.
არაერთმა იტალიურმა გამოცემამ უკვე სააშკარაოზე გამოიტანა „იუვენტუსის“ შიდა სამზარეულოს ამბები, სადაც ნათქვამია, რომ გუნდის ბოსები სეზონის დასრულებას აღარ დაელოდებიან და სულ მალე პირლოს კარისკენ მიუთითებენ.
ეს მალე კი ალბათ უკვე მომდევნო ტური იქნება, რომელშიც ტურინული გრანდი „სასუოლოს“ დაუპირისპირდება. იმ მატჩში კი „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის სავარძელში ანდრეა პირლო აღარ იქნება წამოსკუპებული.
ჩვენი იტალიელი კოლეგების თქმით, მინიმუმ სეზონის ბოლომდე გუნდს იგორ ტუდორი ჩაიბარებს. ხორვატი სპეციალისტი „იუვენტუსში“ სწორედ პირლოს თანაშემწედ მუშაობს.





