ალბათ დაგვეთანხმებით, რომ სპორტის სხვა სათამაშო სახეობებისგან განსხვავებით, ყველაზე დიდი ფული ფეხბურთში ტრიალებს და შესაბამისად ვარსკვლავთა ანაზღაურებაც კოლოსალურ ციფრებს უტოლდება. ამ მხრივ ფეხბურთს შესაძლოა კალათბურთი გაუტოლდეს და ისიც მხოლოდ ნბა.
ამა თუ იმ ფეხბურთელთა ხელფასები დამალული არასოდეს ყოფილა, მაგრამ ბოლო დროს მსოფლიო მედიაში გამოჟონილმა ამბავმა „ბარსელონაში“ დარჩენის შემთხვევაში თუ რა თანხას მიიღებს ლიონელ მესი დიდი მითქმა-მოთქმა და ზოგიერთ სპორტის მუშაკში აღშფოთებაც კი გამოიწვია.
გაოცებულია ესპანეთის სპორტის მინისტრი ხოსე მანუელ როდრიგესიც, რომელიც ამ ყველაფერს არანორმალურს უწოდებს. შეგახსენებთ, არგენტინელი ვარსკვლავი კატალონიაში დარჩენის სანაცვლოდ 4 წლის მანძილზე 555 237 619 მილიონ ევროს მიიღებს.
„ეს არანორმალური ციფრები რა თქმა უნდა ხალხს შოკში აგდებს. ვფიქრობ, ფეხბურთში ხელფასები უნდა შემცირდეს. დღესდღეობით, ეს კოლოსალური თანხები უფრო შესამჩნევია და ყვირის, რადგან პანდემიის გამო მსოფლიოში დიდი ეკონომიკური კრიზისია და ხალხსაც რთული პერიოდის გადატანა უხდება.
სხვა სფეროს მუშაკთა ხელფასები ამასთან ახლოსაც ვერ მივა. ხელფასების შემცირება ჩემზე არ არის დამოკიდებული. ჩვენ კაპიტალისტურ სამყაროში ვცხოვრობთ და სხვის საქმეში ვერ და არ ჩავერევით, თუმცა მორალური თვალსაზრისით ეს არასწორია“ – ამბობს ესპანეთის სპორტის მინისტრი.





