ჩავიდა, ნახა, წააგო. უფრო სწორად, ამ ტურნირზე უკვე მეორედ იყო, თუმცა თავი დიდად არც პირველ ჯერზე გამოუჩენია. მაშინაც, საწყის ეტაპზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გადმოსულ მასპინძელს დაეჩაგვრინა.
მონპელიეს საჩოგბურთო ტურნირზე ასე მოხდა ამჯერადაც. ნიკოლოზ ბასილაშვილი, რეიტინგში მასზე გაცილებით ქვემოთ მყოფ ფრანგ ჩოგბურთელთან გრეგუარ ბარერესთან, რომელიც ძირითად ბადეში საკვალიფიკაციო ბარიერების გადალახვის შემდეგ მოხვდა, ორ სეტში – 4:6, 4:6 დამარცხდა.
უკვე, ნიკოლოზ ბასილაშვილის გაუთავებელი მარცხებისგან ვგონებ სათვალავიც კი აგვერია. წელიწადზე მეტია ამ რეგრესს ბოლო არ უჩანს და თითქოს არც გვირაბის ბოლოს მოჩანს სინათლე. პირიქით – იქ უკუნეთი სიბნელეა და როდის განათდება არავინ იცის.
ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ქართველ ჩოგბურთელს კორტზე ძალით ექაჩებიან და ისიც ამა თუ იმ ტურნირზე მისი ნების საწინააღმდეგოდ თამაშობს.
ქართველ ქომაგს კი ძველი ნიკა მოენატრა. ის ნიკა, რომელიც ნებისმიერ მეტოქესთან ტოლ-სწორად თამაშობდა და მისი გამარჯვებებით ხარობდა.





