ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის მეორე დღის დაპირისპირებები მოლოდინისამებრ საინტერესოდ წარიმართა. უხვგოლიანი მატჩი გამოდგა ჯახი „სევილიასა“ და „დორტმუნდს“ შორის. სტუმრებმა მეტოქეს ორის წილ 3 გოლი გაუტანეს და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გაგადგეს.
„სევილიას“ დანებება არასდროს ჩვევია. ეს ამ გუნდმა არაერთხელ დაამტკიცა. ამიტომაც გერმანელებს თავი ქუდში სულაც არ აქვთ. წინ განმეორებითი მატჩია, სადაც ასევე ბოლომდე დახარჯვა მართებთ.
სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას „დორტმუნდის“ მთავარი მწვრთნელი ედინ ტერზიჩი.
„ვფიქრობ, ჩვენთვის იდეალური მატჩი გამოდგა, თუმცა თვითკმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ. სევილიას არაერთხელ გამოუჩენია თავისი ბასრი ბრჭყალები და განმეორებით დაპირისპირებაში მეტი ყურადღება და სიფრთხილე გვმართებს.
რაც შეეხება კონკრეტულად დღევანდელი მატჩის შეფასებას, ვიტყოდი რომ მიმდინარე სეზონში ალბათ ჩემი გუნდის საუკეთესო თამაში იყო. ერლინგ ჰალანდი ნამდვილი ტალანტია. ის უდავოდ გამორჩეული იყო.
ბოლო პერიოდში პრობლემებს განვიცდით, მაგრამ ამ მატჩმა ჩვენი ხასიათის სიმტკიცე გამოაჩინა. ვეცდებით, ესპანეთში დაწყებული საქმე, შინ დავაგვირგვინოთ“ – აღნიშნავს „დორტმუნდის“ ახალგაზრდა სპეციალისტი ედინ ტერზიჩი.





