საფრანგეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში, „პსჟ“ საკუთარ მოედანზე სენსაციურად „ნანტთან“ დამარცხდა 1:2, თუმცა გაცილებით შოკისმომგვრელი ამბავი მატჩის მიმდინარეობის დროს მოხდა.
არახალი ამბავია, რომ ფეხბურთელების სახლები ხშირად იძარცვება და ეს ძირითადად მაშინ ხდება, როდესაც ისინი მოედანზე არიან და ბურთს აგორებენ.
ასე მოხდა ამჯერადაც, თუმცა უფრო რთულ ვითარებაში, ვიდრე უბრალოდ სხვის სახლში შესვლა და იქიდან ძვირფასი ნივთების წაღებაა. მძარცველები არ მოერიდნენ და ფეხბურთელის ოჯახის წევრები მძევლად აიყვანეს.
ეს შემაშფოთებელი ამბავი კი ანხელ დი მარიას გადახდა თავს. არგენტინელი ფეხბურთელი მოედანზე თავის მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც ქურდები მის სახლში შევიდნენ, თუმცა არ იცოდნენ რომ იქ ვინმე იმყოფებოდა. აღმოჩნდა, არც დი მარიას ოჯახის წევრებს გაუგიათ დამნაშავეები სახლში როგორ შევიდნენ, მაგრამ როდესაც ფეხბურთელის ცოლ-შვილიც და მძარცველებიც ვითარებაში გაერკვენენ, სხვა გზა აღარ დარჩათ და ისინი მძევლად აიღვანეს. უცხოური მედიის ცნობით მათთვის ზიანი არ მიუყენებიათ.
ინციდენტის შესახებ კი „პსჟ“-ს მთავარ მწვრთნელს მოურისიო პოჩეტინოს გუნდის სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ მეორე ტაიმში ამცნო. პოჩეტინომაც დი მარია შეცვალა და გასახდელისკენ გააცილა, თან რაღაცას ეჩურჩულებოდა. ფეხბურთელიც სახლისკენ სწრაფად გაემართა. პოჩეტინომ დი მარიას თანაგუნდელებს მომხდარი ამბის შესახებ მატჩის დასრულების შემდეგ ამცნო.
საფრანგეთის პოლიციამ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო.





