დინამო თბილისისთვის ევროსეზონი წარუმატებლად დაიწყო. კახა ცხადაძის გაწვრთნილმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ბაქოს “ნეფთჩის” უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ “დინამო” არენაზე სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მაინც დამარცხდა.
23-ე წუთზე იუსუფ ლავალის გრძელი გადაცემის შემდეგ, ნამიქ ალასგაროვმა ორთაბრძოლა გიორგი პაპავას მოუგო და კარიდან ძალიან წინ გამოსულ როინ კვასხვაძეს ბურთი თავზე ეფექტურად გადაუგდო – 0:1.
გაშვებული გოლის შემდეგ დინამოელებმა ნეფთჩის შტურმი მოუწყვეს, თუმცა ბრწყინვალედ თამაშობდა აზერბაიჯანელთა მეკარე აგილ მამედოვი, რომელმაც ზედიზედ გიორგი გაბედავას, საბა ხვადაგიანისა და გიორგი კუციას რთული დარტყმები მოიგერია. ცხადაძის გუნდმა ანგარიში პირველ ტაიმში მაინც გაათანაბრა და ეს დინამოელთა სერბმა ფორვარდმა ზორან მარუშიჩმა საჯარიმოს გარედან შესრულებული უძლიერესი დარტყმით შეძლო – 1:1.
56-ე წუთზე ლევან ხარაბაძემ საჯარიმოში შეცდომა დაუშვა, ემინ მახმუდოვი წესების დარღვევით შეაჩერა და პენალტი დაინიშნა. როინ კვასხვაძემ ბაქოელთა კაპიტანს 11 მეტრიდან პირველ ჯერზე არ გაატანინა, თუმცა არბიტრმა დინამოელთა მეკარე კარის ხაზიდან წინ გამოსვლაში დაადანაშაულა, მახმუდოვს კი მეორე მცდელობიდან გატანა აღარ გასჭირვებია – 1:2.
კახა ცხადაძემ მატჩის გადარჩენა ცვლილებებით სცადა, მაგრამ ამაოდ. ბოლო წუთებზე ბაქოელებს გაუმართლათ კიდეც – ბაქარ ქარდავას თავურის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა.
დინამო თბილისისა და ბაქოს ნეფთჩის საპასუხო დაპირისპირება აზერბაიჯანის დედაქალაქში 14 ივლისს ჩატარდება. წყვილში გამარჯვებული მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბერძნულ ოლიმპიაკოსს შეხვდება, წაგებული კი კონფერენსლიგაზე გადაინაცვლებს.





