“დინამო თბილისი” ახალი სეზონისთვის მზადებას 22 იანვრიდან თურქეთში გააგრძელებს. შეკრება ბელეკში ორ ნაწილად – 22 იანვრიდან 2 თებერვლამდე და 5 თებერვლიდან 16 თებერვლამდე ჩატარდება, რა პერიოდშიც დედაქალაქელები 8 ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ.
26 იანვარს დინამო უკრაინის პრემიერლიგელ “ლვოვს” გაეჯიბრება. 29 იანვარს სპარინგ მეტოქეობას სერბული სუპერლიგის მეხუთეადგილოსანი კრუშევაცის “ნაპრედაკი” გაუწევენ, 1 თებერვალს კი “დინამო” ბულგარეთის ჩემპიონს და მიმდინარე გათამაშების ლიდერს – რაზგრადის “ლუდოგორეცს” შეხვდება. 2 თებერვალს, შეკრების პირველ ეტაპს გუნდი უკრაინის პერშა ლიგის ლიდერ ხარკოვის “მეტალისტთან” ამხნაგური მატჩით დაასრულებს.
თურქული შეკრების მეორე ნაწილი ასევე ბელეკშია დაგეგმილი. 8 თებერვალს “დინამო თბილისი” უკრაინის ჩემპიონ “დინამო კიევს” შეხვდება. 10 თებერვალს თბილისელებს მეტოქეობას რუსეთის პრემიერლიგის მეორეადგილოსანი “დინამო მოსკოვი” გაუწევს. მომდევნო დღეს თბილისური გუნდი დანიური სუპერლიგის მეხუთეადგილოსან “რანდერსთან” ითამაშებს. შეკრებას კახა ცხადაძის გუნდი 15 თებერვალს, უზბეკეთის ჩემპიონ ტაშკენტის “ფახთაქორთან” მატჩით დაასრულებს.






