ამას წინათ, რამდენიმე პოპულარულმა ინგლისურმა გამოცემამ საზოგადოებას ამცნო, რომ შარშან გადადებული ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, არც წელს გაიმართებოდა. მიზეზის გამოცნობა ძნელი არ უნდა ყოფილიყო – პანდემია.
ბრიტანული მედია ამტკიცებდა, რომ იაპონიის მთავრობას ეს გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა, თუმცა ჯერ არ ახმაურებდა. არგუმენტად კი ის მოჰყავდათ, რომ ამომავალი მზის ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს არ სურდა ტოკიოში ათიათასობით ადამიანის ჩასვლა, რადგან ეს ეპიდვითარებას აუცილებლად დაამძიმებსო.
ყოველგვარი ჭორები კი „ტოკიო 2020“-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ესირო მორიმ გაფანტა. მისი თქმით, ოლიმპიადა აუცილებლად გაიმართება.
„ზაფხულში, კორონავირუსთან დაკავშირებით რა ვითარებაც არ უნდა იყოს ოლიმპიური თამაშები ყოველმიზეზგარეშე ჩატარდება. მითქმა-მოთქმა, გაიმართება თუ არა ოლიმპიადა უნდა შეწყდეს. ამ საკითხის განხილვა საღ აზრს აღარ ექვემდებარება.
ახლა, ყველანი იმაზე ვართ კონცენტრირებული ამ მნიშვნელოვან სპორტულ ფორუმს როგორ ვუმასპინძლებთ. ეს ალბათ ახალი სიტყვა იქნება ოლიმპიზმის ისტორიაში.
როგორ უყურებს იაპონელი ხალხი ოლიმპიადას? ეს არის განსჯის საგანი. თამაშებისთვის მზადება პანდემიის პარალელურად – ამაზე უნდა ვფოკუსირდეთ“ – ამბობს საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე.
მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2021 წლის ზაფხულში გაიმართება, მან დასახელება არ შეიცვალა და ის „ტოკიო 2020“-ად დარჩება. ოთხწლეულის ყველაზე გრანდიოზული სპორტული ღონისძიება სტარტს 23 ივლისს აიღებს და 8 აგვისტოს დასრულდება.





