უელსელი მეკარე ტომ კინგი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა. მისი მძლავრად მოქნეული ფეხი საფეხბურთო ისტორიის გადამწერი გამოდგა.
ტომ კინგი ფეხბურთის უამრავი ქომაგისთვის ალბათ უცნობი იყო, მაგრამ ამიერიდან მისი სახელი და გვარი სპორტის ნომერ პირველი სახეობის ისტორიაში დიდი ასოებით ჩაიწერება. ამბავი კი შემდეგში მდგომარეობს.
უელსელი მეკარე ინგლისის რანგით მეოთხე დივიზიონის გუნდ „ნიუპორტ ქაუნთში“ თამაშობს. მორიგი ტურის მატჩში, რომელშიც მისი გუნდი „ჩელტნემ თაუნთს“ ეთამაშებოდა, კინგი ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მისი კარიერის და ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდებოდა. მან კარიდან კარში გაიტანა და ისტორიაშიც ამით შევიდა. კინგმა ბურთს ფეხი ამოსცხო, ტყავის მრგვალმა ნაჭერმაც ჰაერში 96.01 მეტრი იფრინა და მეტოქის კარის ბადეში გაეხვა.
აქამდე, ამ მანძილიდან გოლი არავის გაეტანა. ეს კი როგორც ვთქვით, გინესის რეკორდი გამოდგა. ტომ კინგის გოლამდე კი რეკორდი ბოსნიელ გოლკიპერს ასმირ ბეგოვიჩს ეკუთვნოდა, რომელმაც 2013 წლის 2 ნოემბერს, ‘სტოკ სიტის” რიგებში ”ასტონ ვილას” გაუტანა. ბეგოვიჩმა მაშინ 91,9 მეტრიდან გაიტანა.




