ჩემპიონთა ლიგის ჯფუფური ეტაპის დასკვნით მატჩებში „პსჟ“ მოწოდების სიმაღლეზე კი იყო და პლეიოფის საგზურიც დამსახურებულად მოიპოვა, მაგრამ შიდა ასპარეზზე პირველობა დაკარგა და მესამე ადგილზე ჩამოქვეითდა.
ეს არაფერი, ტუხელის ბიჭები პირველ-მეორე ადგილზე მყოფ „ლილს“ და „ლიონს“ მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებიან და არა გვგონია ფრანგული გრანდის ქომაგებმა ამისგან ტრაგედია შექმნან, რადგან სეზონის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ წინ არის. „პსჟ“-ს გულშემატკივრებს სანერვიულო სხვა მხრივ გაუჩნდათ. გუნდის მთავარი ლიდერი, ნეიმარი დაშავდა.
ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი, საფრანგეთის ჩემპიონატის მე-14 ტურის მატჩში, „ლიონის“ ფეხბურთელმა ტიაგო მენდეშმა დაამტვრია. არბიტრმა მას თავდაპირველად ყვითელი ბარათი უჩვენა, თუმცა მოგვიანებით ეპიზოდი VAR-ზე გადაამოწმა და მენდეში მოედნიდან გააძევა.
ნეიმარი კი ტკივილისგან იკლაკნებოდა და მოედნიდან საკაცით ატირებული გაიყვანეს. მან კოჭის მძიმე ტრავმა მიიღო და გუნდის სამედიცინო შტაბში ვარაუდობენ, რომ ბრაზილიელ ფორვარდს დიდი დრო გაუცდება.
უშუალოდ მატჩი კი „ლიონის“ გამარჯვებით 1:0 დასრულდა.








