ინგლისის თასის მესამე წრეში, „ჩელსიმ“ ქვედალიგელ „მორიკამს“ უმასპინძლა და 4:0 გაანადგურა. ამაში გასაკვირი არაფერია, ლონდონელები ხომ წყვილის უდავო ფავორიტები იყვნენ. თანაც ფრენკ ლამპარდს ისედაც წყალი აქვს შემდგარი და უსახელო გუნდთან წაბორძიკებას მართლა აღარ აპატიებდნენ.
ამ მატჩს და მის შედეგს დიდად ყურადღებას არ მივაქცევდით, რომ არა ერთი ფრიად მნიშვნელოვანი გარემოება. არისტოკრატთა გოლკიპერმა, კეპა არისაბალაგამ გუნდის მაისურით საიუბილეო, მე-100 მატჩი გამართა და კარიც მშრალად შეინახა.
ესპანელი მეკარე, „ჩელსის“ 2018 წელს შეუერთდა. ის „ბილბაოდან“ აქამდე კიპერისთვის სარეკორდო თანხად – 80 მილიონ ევროდ გადმოიბირეს.
ამჟამად, კეპას სატრანსფერო ფასი 15 მილიონი ევროა. ესპანელ გოლკიპერს „ჩელსისთან“ კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს.